Accessibility links

"სამართალდამცავი სისტემისთვის არ გვაქვს კანონი, რომ დაიცვას სისტემის თანამშრომელი, რომელიც მოისურვებდა ეთქვა დარღვევებზე გამოძიების პროცესში"


ეკა ციმაკურიძე

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს:

„ყოველი ახალი დანაშაულის გამოძიება საქართველოს ახალი ტრაგედიაა, იმ ფონზე, როდესაც:

1. მამხილებლის ინსტიტუტი პრაქტიკულად არ არსებობს

2. არ თანამშრომლობს მოწმე.

აღნიშნული ორი მწვავე პრობლემა იწვევს ზუსტად იმ შედეგებს, რაც გამოვლინდა გიორგი შაქარაშვილის საქმეში დღეს და ხორავას ქუჩის ტრაგედიაში - გუშინ.

- არ ამხელს მამხილებელი, რადგან მას არ იცავს სახელმწიფო შემდგომი წნეხისგან.

- არ თანამშრომლობს მოწმე, რადგან მას არ იცავს სახელმწიფო შემდგომი წნეხისგან.

სახელმწიფომ უნდა დაიცვას მამხილებელი და უნდა დაიცვას მოწმე.

ამისთვის, პარლამენტმა უნდა მისცეს მოწმის დაცვის ბერკეტი სახელმწიფო ინსპექტორს და უნდა შექმნას საგამოძიებო სამსახურებში მამხილებლის მექანიზმი.

გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაშიც და ხორავას ქუჩის ტრაგედიაშიც, ერთი მხრივ, მოწმე არ იყო გულწრფელი, მეორე მხრივ, გამოძიება არ იყო სრულყოფილი, რომელმაც ახალი სამოხელეო დანაშაული წარმოშვა.

მოწმე არ არის გულწრფელი, რადგან არ არსებობს მოწმის დაცვის გარანტია. გამოძიების პროცესში ჩადენილი სამოხელეო დანაშაული არ იმხილება, რადგან არ არსებობს მამხილებლის ინსტიტუტი. მოწმის უარი თანამშრომლობაზე და მამხილებლის ინსტიტუტის პრაქტიკული არარსებობაა სწორედ ის წინაპირობები, რომლებიც ტოვებს უპასუხოდ შემდეგ კითხვას - ვინ და რა ვითარებაში მოკლა გიორგი შაქარაშვილი; ვინ და რა ვითარებაში შეუშალა ხელი გამოძიებას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე.

მოქმედი კანონმდებლობით მამხილებელი საჯარო სამსახურში და განსაკუთრებით საგამოძიებო სტრუქტურებში დაუცველია. მას ეშინია ინფორმაციის გასაჯაროების, რადგან არ აქვს იმის განცდა, რომ ის თავად არ გახდება დევნის ობიექტი. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მინიჭების მხილების ფაქტზე პოლიციელი მიუთითებს დევნაზე, შსს-დან ნარკოტიკების გატანის სქემის მხილების ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელიც მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დევნაზე, ხოლო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი სამსახურიდანაც დაითხოვეს იმის გამო, რომ ის ცდილობდა შსს-ს მხრიდან კრიმინალის სტატისტიკის გაყალბების მხილებას“.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ თავმჯდომარე, ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ სამართალდამცავ სისტემაში მამხილებლის ინსტიტუტის არარსებობა უპასუხოდ დატოვებს მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას:

„ისეთ დარღვევებთან გვაქვს საქმე და ისეთი ფაქტები გამოდის სააშკარაოზე, რომლებიც, ალბათ, არ შეიძლება მხოლოდ გარედან ზემოქმედების გზით ხდებოდეს და ამას ხელშეწყობა თვითონ სამართალდამცავი სისტემის შიგნიდან არ ჰქონდეს.

ზუსტად იმიტომ, რომ მთელი ეს ისტორია ასეთი შემზარავია და საზოგადოების ყურადღება მთლიანად ამ საქმეზეა მიპყრობილი, ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს და ეძებდეს საკუთარ ადგილს და როლს ამ პროცესის გაჯანსაღებაში - რისი გაკეთება შეუძლია მას, რომ არ გაგრძელდეს გამოძიებებზე ზემოქმედება. სისტემურად უნდა შეხედონ საკითხს. ამას ვერ ვხედავთ, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტისგან, როგორიც პარლამენტია.

ხშირად მოგვისმენია დეპუტატებისგან - დაველოდოთ გამოძიებას.

პარლამენტმა უნდა შეასრულოს პრინციპული ფუნქცია.

მოწმეები თავისით წყვეტენ, არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ეს არის ერთი ასპექტი პრობლემის, მაგრამ არსებობს ფაქტორები, როცა თვითონ სამართალდამცავ სისტემაში ხდება დანაშაული და რასაც ახლა ვუყურებთ - გამოძიებაში, დიდი ალბათობით, ხდება ჩარევები. ვის გაუჩნდება სურვილი და არსებობს თუ არა იმის მოტივაცია იქ დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ ისინი გამოვიდნენ და გახდნენ მამხილებლები კონკრეტული დარღვევების? ან თავიანთი მხილებით პრევენცია მოახდინონ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის დაბრკოლების პროცესში?

სამწუხაროდ, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სამართალდამცავი სისტემისთვის საერთოდ არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელს, რომელიც მოისურვებდა ეთქვა დარღვევებზე ამ კონკრეტული, ან მსგავსი საქმის გამოძიების პროცესში.

2009 წელს კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ გაჩნდა მხილების მექანიზმის დამდგენი მექანიზმი. თუმცა, დადგენილია გამონაკლისი სამართალდამცავი სისტემისთვის. მხილების არსებული მექანიზმი არის ძალიან არაეფექტიანი და ამაზე არაერთი შეფასება და ანგარიშია სხვადასხვა ორგანიზაციის, რომ მას სჭირდება გაუმჯობესება. ვლაპარაკობ ნებისმიერ სამინისტროზე თუ საქვეუწყებო დაწესებულებაზე. მაგრამ, ამავე კანონით, პარლამენტმა დაადგინა გამონაკლისი, რომ სპეციალური კანონმდებლობა უნდა იქნას შემუშავებული სამართალდამცავ სისტემაში (შსს-ში, თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებში) მხილებაზე, მხილების მექანიზმსა და მამხილებლის დაცვის გარანტიებზე.

ეს კი დაადგინა პარლამენტმა, მაგრამ არ დაადგინა კონკრეტული ვადა, ან რომელმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს, კანონის დონეზე უნდა მოხდეს თუ კანონქვემდებარე აქტის დონეზე? დაადგინა და არც კითხულობს, რა ხდება ამ საკითხზე.

არადა, ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხი, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოწმეები უნდა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან.

ამ ტიპის დანაშაულები და დარღვევები, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ - გამოძიებაზე სავარაუდო ზეგავლენის მოხდენა და მტკიცებულებების განადგურება (შაქარაშვილის საქმე არ არის არც პირველი და ალბათ, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი) - თუ ამ სისტემას არ მოვაწყობთ, გაგრძელდება. ანუ, კანონმდებლობა არ ქმნის არანაირ მოტივაციას და დაცულობის განცდას არ აძლევს მოწმეს, ისეთ ადამიანს, ვინც მოისურვებდა ასეთი დანაშაულის შესახებ საუბარს.

ასეთი [სისტემური] დანაშაული თავისი ბუნებით არის დაფარული დანაშაული.

რამდენი შემთხვევა გვახსენდება, რომ ასეთი დანაშაული სისტემის შიგნიდან გამოვიდა გარეთ? - თითზე ჩამოსათვლელი“.

ეკა ციმაკურიძე „დილის საუბრებში“ ეხება მენტალიტეტის ფაქტორსაც. ის არ თვლის, რომ მენტალიტეტი გადამწყვეტი ფაქტორია საქართველოში მოწმეებთან დაკავშირებული პრობლემის არსებობაში:

„ნუ ჩავიქნევთ ხელს წინასწარ. ჩვენ გვჭირდება, ჯერ სწორად შევქმნათ ეს მექანიზმი და შემდეგ ის აუცილებლად იმუშავებს.

პარლამენტმა სისტემური პრობლემა უნდა დაინახოს ამ ყველაფერში, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ინდივიდუალური საქმის გამოძიება ნამდვილად არის სამართალდამცავი სისტემის საქმე, მაგრამ სისტემური პრობლემები უნდა დაინახოს პარლამენტმა. თვითონ პროკურატურა და შსს თავიანთ სისტემურ პრობლემებს ვერ უპასუხებენ, არ მოაგვარებენ, არ ექნებათ ამის მოტივაცია.

მენტალიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ერთი ფაქტორი მოწმის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროს. ამის გარდა, მუშაობს ძალიან სერიოზული ფაქტორი - არარსებობა მოწმის დაცვის მექანიზმებისა, რომელიც ხელს არ უწყობს მოწმეს, გამოვიდეს და ილაპარაკოს, რომ ასეთი დარღვევების პრევენცია ხდებოდეს, ერთი მხრივ, რომ ადამიანებს ასე მარტივად არ შეეძლოთ ჩაფარცხონ საქმეები და, მეორე მხრივ, პრობლემები გამოდიოდეს სისტემის გარეთ.

ჯერ კიდევ თებერვალში დავაყენეთ პარლამენტის წინაშე საკითხი, როცა საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ პარლამენტს და ვუთხარით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ სამართალდამცავ სისტემებში დარღვევები გამოეძიებინა, მას არ აქვს მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, რაც აქვს შსს-ს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს პროკურატურას და გენერალური პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ როცა მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რეაქცია იცით, რა იყო? არ დგას ეს საჭიროება და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაო. დიდი დრო არ იყო გასული და ინსპექტორმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, რომ მოწმეები არ თანამშრომლობენ და ეს არის პრობლემა“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG