Accessibility links

გახარია: ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამოა შიდა დაპირისპირებაში უცხოელი პარტნიორების ჩათრევის მცდელობა


„არ გადამრიოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე მედიის შეკითხვას და ერთ-ერთი ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საქართველოს აშშ-ისგან პირველი სანქცია ემუქრება.

„ხანდახან კორექტულად საუბრობთ ხოლმე - შესაძლო - ეს ერთი სიტყვა. მოგეხსენებთ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, პუნქტებში, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან“, - უთხრა მედიას გახარიამ, რომელიც გერმანიის ელჩთან ერთად იმყოფებოდა ასურეთში რესტავრირებულ გერმანულ დასახლებაში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის: „ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ცვლილებების მიღების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძაან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს“.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, საქართველო არჩევნებსაც ჩაატარებს დემოკრატიულად, ღიად და კონკურენტულ გარემოში.

პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ნათქვამი ყურადსაღებია, რასაც აკეთებენ კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, „ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაითრიონ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში“.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს საბოლოოდ ვნებს არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას: „ეხლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები საერთო მიზანია. არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია“.

გახარიას განცხადებით, „დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ აი, ამ, რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ. ეს უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დემოკრატიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის და ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებებით საქართველოს პროგრესს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება.​

9 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი. ამასთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა, არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისთვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან, საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG