Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები კარანტინში - ომბუდსმენის, ჯანდაცვის სამინისტროს და სასამართლოს ფოკუსში


არასრულწლოვანთა საკარანტინო სივრცეებში განთავსების პირობებს ჯანდაცვის სამინისტრო და სახალხო დამცველი ეხმაურებიან. სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეების შესწავლის საფუძველზე არასრულწლოვანთათვის შექმნილ პირობებს ცალკე აფასებს. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს გამოხმაურებას, ის პასუხია არასამთავრობო ორგანიზაციის „პატნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელებსა და სასასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ორგანიზაციამ ორი სასამართლო პროცესი მოიგო და არასრულწლოვნები საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირის საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში განთავსების გადაწყვეტილება დამოკიდებულია საცხოვრებელი გარემოს შეფასებაზე.

„შესაბამისად, დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება არასრულწლოვნის კარანტინში დატოვების თუ თვითიზოლაციაში გადაყვანის შესახებ, მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ „პირის თვითიზოლაციაში ყოფნის უპირატესობას ამართლებს არასრულწლოვნობა“ და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველიც გახდა არა თავად საკარანტინო სივრცეში განთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესაფასება, არამედ სასამართლომ ჩათვალა, რომ „კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში ყოფნა გამართლებული იყო ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველის თანახმად კი, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოკითხა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.

გამოკითხულთა უმრავლესობა, მათდამი ეთიკურ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში რესპონდენტები მიუთითებდნენ აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე, ასევე აღნიშნავდნენ აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბავშვის უფლებების თვალსაზრისით ცალკეული საყურადღებო შემთხვევები გამოვლინდა და გაუგებარია, რატომ არ იყო ზოგ შემთხვევაში გამოყენებული თვითიზოლაციის მექანიზმი.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქცევითი დარღვევების, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა საკითხი, რადგან შესაძლოა მათთვის უფრო რთული აღმოჩნდეს უცხო და დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც გამოწვევაა მათი მშობლებისთვისაც. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, გაუგებარი მიზეზების გამო არ იქნა გამოყენებული თვითიზოლაცია, რომელიც ამ ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირთა თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნას“, - ნაქთვამია სახალხო დამცელის ანგარიშში.

7 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად საკარანტინო სივრციდან სასამართლოს გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. არგანაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაუსაბუთებელი კარანტინი ბავშვის დამაზიანებლად მიიჩნია და ადმინისტრაციულ ორგანოებს ბავშვთა დაცვის მაღალი სტანდარტი დაუდგინა.

9 ივლისს, ორგანიზაციის ცნობით, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგეს და უცხოეთიდან დაბრუნებული დედა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოში ამჟამად კიდევ ერთ მსგავს საქმეზე დავობს.

ასევე ნახეთ: ბავშვები კარანტინში: შეზღუდული თავისუფლება დასაბუთების გარეშე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG