Accessibility links

7 ივლისს გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა


ფოტო ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ცნობილი გახდა განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.

მისი განცხადებით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში იმყოფება და დადგენილია კონტაქტები. მასთან კონტაქტში მყოფების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება, ნაწილს კი დაკვირვების შემდეგ შესაძლოა საკარანტინო სივრცეში გადასვლა მოუწიოს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს. არსებული ინფორმაციით, აბიტურიენტი უსიმპტომო იყო და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდასტურდა.

„ვმუშაობთ, რომ ყველა იმ აბიტურიენტმა, რომელთაც ინფიცირებულ პირთან [ერთად] ჰქონდათ გამოცდა, ჩააბარონ გამოცდა. 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებზე, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ტარდება კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 973-მდე გაიზარდა. 5-5 ახალი შემთხვევა იყო 7, 8 და 9 ივლისსაც.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 846.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

10 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4851 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG