Accessibility links

ერთი თვით გადადებული, სახეცვლილი, ჩაშლილი და კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ფესტივალების ამბავი


ბათუმი, 2019 წელი (Black Sea Sound)

კორონავირუსის პანდემიის გამო ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას ელოდებოდა ზაფხულობით, ბათუმში ტრადიციად ქცეული დიდი ფესტივალების ორგანიზატორების ნაწილი.

აკრძალვა 13 ივლისიდან უქმდება. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 9 ივლისს გამოაცხადა. მეორე დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა საფესტივალო გრანტებზე გაზაფხულზე შეჩერებული კონკურსი.

ბათუმის მერიაში კი ჯერ არ იციან, რომელ კულტურულ ღონისძიებებს დააფინანსებენ და რა თანხით. მერიის პრესსამსახურში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ მიზნით ბიუჯეტის კორექტირების საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დადგება.

თუმცა, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის ორგანიზატორი ზვიად ელიზიანი გვეუბნება, რომ ბათუმის მერიიდან უკვე დაუკავშირდნენ და ისიც ცნობილია, რომ ფესტივალის წლევანდელი ბიუჯეტი 40%-ით შემცირდება. საერთაშორისო კინოფესტივალი, ტრადიციულად, სექტემბერში გაიმართება. მაყურებლებს ფილმების ძირითად ნაწილს ღია ცის ქვეშ უჩვენებენ. კორონავირუსის პანდემიის და ბიუჯეტის შემცირების გამო შეზღუდული იქნება უცხოელი სტუმრების მონაწილეობა.

„შევეცდებით რამდენიმე უცხოელი სტუმარი მაინც გვყავდეს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ჩამოყვანა კარანტინის გარეშე. წელს პანდემიის თემაზე ახალი სექცია შემოვიღეთ, მოკლემეტრაჟიანი, მაქსიმუმ 5-წუთიანი ფილმების, რაც, ალბათ, საინტერესო იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ელიზიანმა.

ბათუმი, 2019 წელი (Black Sea Sound)
ბათუმი, 2019 წელი (Black Sea Sound)

ღია ცის ქვეშ აქტივობის ნებართვის მიუხედავად, წელს ბათუმში არ გაიმართება ექვსი წლის წინ დაარსებული ფესტივალი „ბლექ სი საუნდი“. ის ტრადიციულად 6 თვეს გრძელდებოდა და მოიცავდა საავტორო და ალტერნატიული მუსიკის კონცერტებს, ასევე, საგანმანათლებლო და შემეცნებით მიმართულებებს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას პროტესტის გამო არ მიიღებენ.

ფესტივალის ორგანიზატორი ლევან გელიაშვილი გვეუბნება, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსის შეჩერების შემდეგ, სამინისტროს შესთავაზეს, კონკურსის ხელახლა ჩატარების ნაცვლად, ფესტივალს საქმიანობა ონლაინრეჟიმში გაეგრძელებინა, რადგან მასში ადგილობრივი არტისტები არიან ჩართულნი და მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

„ჩვენს ფესტივალს თავისუფლად შეუძლია ადაპტირება ახალ წესებთან და გადასვლა ახალ რეალობაზე. ვფიქრობ, რომ იყო კონკურსში მონაწილე ისეთი ფესტივალები, რომლებიც ვერ მოერგებოდა ახალ რეალობას და ამიტომ თავიდან გამოაცხადეს კონკურსი, რომ მათთვის სასათბურე გარემო შეექმნათ. ასე არ შეიძლება. ეს ფესტივალები არაა ერთდღიანი აქტივობა, ყოველწლიურია და მას დახვეწა, განვითარება და, შესაბამისად, სტაბილურობა სჭირდება. არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, კონტაქტზე არ გამოვიდნენ. ჩვენ კვლევაც კი გავაკეთეთ. სამინისტროს კი არ აინტერესებს. ასეთი არაპროფესიონალიზმის პირობებში მე მათთან ვერ ვითანამშრომლებ, ისედაც ძალიან ბევრი ბრძოლა გვიწევს ყოველწლიურად“, - ამბობს ლევან გელიაშვილი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხელმეორედ 10 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია. განაცხადების მიღება 24 ივლისს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, ფესტივალები სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს და მათთან ხელშეკრულება გაფორმდეს. ფესტივალების საზაფხულო სეზონზე ჩატარება კითხვის ქვეშ დგება, რადგან ტურისტული სეზონის პიკი ივლისის მეორე ნახევარში იწყება. 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სწორედ შიდა ტურიზმის სტიმულირების საჭიროებით ახსნა.

ბათუმი, 2019 წელი (Black Sea Sound)
ბათუმი, 2019 წელი (Black Sea Sound)

აჭარის განათლებისა, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს ბათუმში მოესწრება დიდი ფესტივალების ჩატარება, ხოლო თუ მათ შორის არ იქნება „ბლექ სი საუნდი“, ამ მიმართულებას სხვა შეავსებს.

„კარგია, რომ იყოს. თუ არ იქნება, ჩვენ რა შეგვიძლია... შეიძლება იყოს მოთხოვნა და სხვები. ეს სეგმენტი უნდა შეივსოს. გამორიცხულია, თანამედროვე მუსიკისა და ახალგაზრდებთან კავშირის გარეშე დარჩეს ბათუმი ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე“, - გვითხრა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ.

მისივე თქმით, წელს ბათუმში ჩატარდება ბრენდული ფესტივალები: „რომელიც ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის სინამდვილეში თავის პოზიციას აფიქსირებს. „ბიაფი“ „თოფუზი“. ასევე, ელისო ბოლქვაძის ფესტივალი. თუნდაც, შარშან პირველად რომ ჩატარდა თეატრალური ფესტივალი. ასე რომ, თუ შემოიტანენ განაცხადს პირობებთან მისადაგებულს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გვაქვს, შემდეგ კომისია შეარჩევს“.

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს ივლისის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ქართველი მუსიკოსები მიიღებენ. ფესტივალის ორგანიზატორი „ისტერნპრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე გვეუბნება, რომ ფესტივალი, სავარაუდოდ, 21 აგვისტოს გაიხსნება: „იგივე ტექნიკური უზრუნველყოფა იქნება. ლოკაციაც იქნება უცვლელი - საჩოგბურთო კორტები. ახლა სწორედ არტისტებთან მოლაპარაკების პროცესში ვართ, რომ ეს სამი დღე ავაწყოთ და მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზოთ მსმენელს. იქნებიან სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტები, რომლებიც საკმაოდ ცნობილები არიან საქართველოში და, სხვათა შორის, ძალიან დიდი რაოდენობით აუდიტორია მოჰყავთ კონცერტებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG