Accessibility links

საქართველომ უკრაინას საპროტესტო ნოტა გადასცა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო


დღეს, 10 ივლისს უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო“.

როგორც სამინისტრო იტყობინება, შეხვედრის დროს დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით“.

10 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაც გაიმართა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და შეშფოთება გამოხატა უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

ელჩის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის თემაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისს ვიდეომიმართვაში თქვა: „მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში“. სააკაშვილმა დაამატა, რომ მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. „მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG