Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები საოკუპაციო ძალებმა დაჭრეს


რუსების საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა ახმაჯის ტერიტორიაზე
რუსების საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა ახმაჯის ტერიტორიაზე

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

„11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა კახა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით კახა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ მისი დაკავება მოხდა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

კაგებეს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დაჭრილს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი უკვე დაადასტურა.

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუს-ში.

ამოქმედებულია სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. კასპის მერის წარმომადგენელი სოფელ სამთავისში, გელა ქარუმიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ვითარებაში ერკვევა და ინფორმაცია მოგვიანებით ექნება.

XS
SM
MD
LG