Accessibility links

ტელეეთერით გასული ანონსის შემდეგ შსს-მ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა


ტელეეთერით გასული ანონსის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. 24 ივნისს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ", - აცხადებენ პრესსამსახურში.

სავარაუდოდ, საუბარია TV პირველის გადაცემის ანონსზე, სადაც დანაშაულთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:

"ბანკის 23 წლის თანამშრომელს უამრავი სათვალთვალო კამერის წინ განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ და დანა ურტყეს... შეშინებული ოჯახი ხმას ვერ იღებს, რადგან კვალი ქართული ოცნების გავლენიანი დეპუტატის შვილთან მიდის... არავინ დაუკავებიათ, არავინ დაუსჯიათ... ახლა მთელი სახელმწიფო მანქანა ამ დანაშაულის ჩაფარცხვაზე მუშაობს".

ერთ-ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დააკავეს (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), მეორე 126-ე (ძალადობა) და 238-ე პრიმა (ცივი იარაღის ტარება) მუხლებით დააკავეს.

"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა", - ვკითხულობთ კიდევ ერთ დაკავებულზე შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG