Accessibility links

აშშ-ის საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზთან მომხდარის გამო


საოკუპაციო ხაზი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომლის თანახმადაც, 11 ივლისს კონფლიქტის ზონაში რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ..."

განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში, ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს:

"ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე..."

საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

"ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია".

11 ივნისს საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად: "ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს". საგარეო უწყება კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG