Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების პროვაიდერებთან კანონზე კონსენსუსი ვერ შედგა, კომიტეტის სხდომა ხვალისთვის გადაიდო


"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტზე პროვაიდერებსა და მარეგულირებელ კომისიას შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ამ მიზეზით გადაიდო დარგობრივი კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს, 13 ივლისს დილით იყო ჩანიშნული.

"გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

კანონში ცვლილებები “კავკასუს ონლაინის” გამო შედის, თუმცა ყველა კომპანიას შეეხება. უკვე 9 თვეა, კომუნიკაციების კომისია უშედეგოდ ცდილობს შეცვალოს “კავკასუს ონლაინის” მეწილეები და კომპანია აიძულოს მისი თანხმობის გარეშე გასხვისებული წილი პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. კომპანიას წილების გასხვისება კომისიისთვის უნდა შეეთანხმებინა. ამ მიზეზით ის უკვე გააფრთხილეს და 4-ჯერ დააჯარიმეს, ჯამში 660 ათასი ლარით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს კანონმდებლობით, კომისიას ახლა “კავკასუს ონლაინის” იძულების მექანიზმად მხოლოდ საქმიანობის შეჩერების გამოყენება შეუძლია.

იმისთვის, რომ კომისიამ მიზანს მიაღწიოს, მთავრობასთან ერთად საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა, რომლითაც ცვლილება შევა “მაუწყებლობის შესახებ” კანონსა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში. ერთი მხრივ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოში საქმის გასაჩივრების მიუხედავად ვერ შეჩერდება, მეორე მხრივ კი, კომისიას გადაწყვეტილების აღსასრულებლად შეეძლება სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მმართველის დანიშვნა და წილების გასხვისება.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიები დასრულდა, კომისიას კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება უნდა, 1 აგვისტოს “კავკასუს ონლაინის” საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ. კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება არ სურთ - “კავკასუსი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ქვეყანასთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენით აკავშირებს და კომისია მიიჩნევს, რომ საქმიანობის შეჩერება მოსახლეობაზე აისახება.

ბოლო შეთანხმების მიხედვით, კომისია უკან გაიწვევს "მაუწყებლობის შესახებ" კანონს, რომლის მიღებაც მაუწყებლებისთვის პრობლემური იყო. კომიტეტის სხდომა ხვალ, 14 ივლისს გაიმართება და ცნობილი გახდება, რა შეთანხმებას მიაღწიეს პროვაიდერებმა და კანონპროექტის ავტორებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG