Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპანაძე ამბობს, რომ წულუკიანი შენგელიას საქმეზე კანონს არღვევს და პარლამენტში იბარებს


"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს და ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას უფლებამოსილების არაღდგენასთან დაკავშირებით კანონდარღვევაში ადანაშაულებს. კაპანაძემ ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

"ქალბატონი წულუკიანი სასამართლოს ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ 2 კვირის წინ კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თხოვნა მაქვს თქვენთან, იქნებ, უზრუნველყოთ, მოვიდეს პარლამენტში და რაც დადასტურებულია, კანონს არღვევს, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს", - მიმართა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს.

დეპუტატს მოთხოვნაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა. მისი თქმით, მათ წულუკიანის პასუხების მოსმენა მოთხოვნის დაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე შეეძლოთ.

"მე რამდენადაც ვიცი, გარკვეული ტექნიკური თემებია, რაც შეიძლება მინისტრს პირდაპირ არ ეხებოდეს და მე დარწმუნებული ვარ, კანონი აღსრულდება და სასამართლოს გადაწყვეტილებაც კანონის დადგენილ ფორმაში იქნება აღსრულებული", - თქვა სოფო კილაძემ, რომელსაც კაპანაძემ შეახსენა, რომ შენგელიას თანამდებობაზე აღდგენის საკითხი წულუკიანის პარლამენტში მისვლის შემდეგ დადგა.

არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია შენგელიას საქმეზე სასამართლოს განჩინების შესახებ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, წულუკიანი მივა პარლამენტში და რეგლამენტის ფარგლებში უპასუხებს კითხვებს.

ბაჩანა შენგელია რამდენიმე დღეა იუსტიციის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვს, რომ კვლავ ჰქონდეს ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმებზე წვდომა. მას ეს უფლება რამდენიმე კვირის წინ მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუჩერეს. შენგელიამ ეს დოკუმენტი სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის პროგრამებზე წვდომა მიეცა.

რამდენიმე კვირის წინ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო და საქმიანობა შეუჩერა.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG