Accessibility links

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებული ინციდენტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს


ორშაბათს ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა 12-13 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების თაობაზე:

„ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, თავი შეიკავონ მოქმედებებისა და რიტორიკისგან, რომლებიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ კონტექსტში ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს პირდაპირი ურთიერთობის მექანიზმი, დამკვიდრებული ფორმატი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი.

ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ნათელყოფს ადგილზე ეუთოს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ენერგია და რესურსები მიმართონ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არსობრივად განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით და საკუთარი მოსახლეობა მშვიდობისთვის მოამზადონ“, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ კვირას სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.

სომხეთის არმიის წარმომადგენლის თანახმად, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა შეტაკების თაობაზე, სროლა დაიწყო 12 ივლისს ნაშუადღევს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა მხარემ სროლა დაიწყო სტრატეგიული პოზიციის დასაკავებლად.

12 ივლისის ღამით, ასევე 13 ივლისს დილით კვლავ იტყობინებოდნენ სროლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG