Accessibility links

"ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ, დნმ-ის კვლევამ რაღაც ნათელი უნდა შემოიტანოს, თუ დროულად არის ჩატარებული მოწინააღმდეგე მხარის ასეთივე ექსპერტიზაც"


მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის 10 ივლისს გასაჯაროებულ ნაწილზე.

„დიდი რისკია, რომ „უხილავი მფარველი ხელით“ გამოძიება იყოს ბუნდოვანი და არ მივიდეს შედეგამდე. შეუძლებელია გამოძიებამ ამდენი შეცდომა დაუშვას შემთხვევით. ძალიან ბევრი შემთხვევითობა იკვეთება“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზა არ არის შეზღუდული გამოძიების შეკითხვებით, არამედ:

„ჩვენი საპროცესო კანონმდებლობით, პირიქით, ექსპერტები არიან ვალდებულები, თუკი სხვა საყურადღებო გარემოებაც აღმოჩნდა და მათი კომპეტენცია წვდება ამ გარემოებასაც, შეკითხვების გარეშეც იმსჯელონ ამ თემაზე ექსპერტიზის დასკვნაში. სტანდარტული შეკითხვებია, რომელიც ეძლევა ექსპერტიზას. არ არის საპასუხოდ მცირე შეკითხვები, თუმცა, ამას გარდა, სხვა გარემოებებზეც უნდა გამახვილებულიყო ყურადღება სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე“.

„დილის საუბრების“ სტუმარი რადიო თავისუფლების ეთერშიც აღნიშნავს, რომ ექსპერტიზა არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტით:

„ეს არის ძველი, საბჭოური სტანდარტი, რომელიც ადგენს სხეულის დაზიანების ხარისხს. ძალადობრივი ქმედების/ფაქტის შემთხვევაში არ განისაზღვრება ხარისხი. არის ორი საერთაშორისო პროტოკოლი: გაეროს “მინესოტას პროტოკოლი”, რომელიც არის “გაიდლაინი” ასეთი ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევაში როგორ უნდა იხელმძღვანელოს გამოძიებამ და ექსპერტიზამ და არის მეორე პროტოკოლი, რომელიც ასევე დეტალებში განიხილავს ძალადობის მეთოდების კავშირს დამდგარ შედეგთან. ეს არის “სტამბოლის პროტოკოლი”, რომელიც კომბინაციაში გამოიყენება ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზის დროს. საერთოდ, ჯობია დაინიშნოს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რათა შეფასებული იყოს სხვა ფაქტორები”.

მარიამ ჯიშკარიანი „დილის საუბრებში“ კრიტიკულად აფასებს გამოქვეყნებულ დოკუმენტს:

„გამოდის აბსურდული ამბავი, რომ მსუბუქი იყო დაზიანებები. კი ბატონო, ამ „საბჭოთა“ დოკუმენტით ის მსუბუქად ითვლება, მაგრამ შემდგომში ვერ იმსჯელა ექსპერტიზამ ამ დაზიანებებს შეეძლო, თუ არა გარკვეულწილად უმწეო მდგომარეობაში ყოფილიყო ეს ადამიანი და შემდგომში ვერ მოეხერხებინა მდინარიდან ამოსვლა ან მოქმედებები. ეს არის არაფრისმთქმელი ექსპერტიზის პასუხი.

ამ ექსპერტიზას აქვს სხვა ბევრი კითხვის ნიშანი.

თვითონ პროკურატურა/გამოძიება შეკითხვას ასე სვამს, რომ შეაფასონ დაზიანებათა ხარისხი. სხვათაშორის სამოქალაქოა სამხარაულის ეროვნული ბიურო, მაგრამ რატომ არის ასეთ დაქვემდებარებაში სამართალდამცავ ორგანოებთან, არ ვიცი.

ეს ექსპერტები ასე მსჯელობენ, რომ თუ საპროცესო კოდექსში არის, რომ თუკი ასეთ შეკითხვებს სვამენ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვებსო. ეს არის სრულიად არასაერთაშორისო სტანდარტი და ახლა გაურკვეველია ამ დაზიანებების შემდეგ რა მოხდა.

კი ბატონო, სიკვდილის უშუალო სამედიცინო მიზეზი არის ასფიქსია, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტით [უნდა დადგენილიყო] რასაც ეძახიან - რამ გამოიწვია მთლიანად “სიკვდილის მატარებლის” დაძვრა? აი, „პირველ ვაგონზეა“ პალარაკი. და ეს პირველი ვაგონი - ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანს მისდევდნენ ანუ ძალადობას აქვს ადგილი და შემდგომში განვითარდა უკვე ჯაჭვი. ანუ, სხვანაირად უყურებს ამას საერთაშორისო სტანდარტი და ლაპარაკია შესაბამისობაზე გამოწვეული სისასტიკის, ძალადობრივი ფაქტისა შემდგომ დამდგარ შედეგთან და ამას უფრო ფართო მსჯელობა სჭირდება.

ექსპერტიზის დასკვნა, მაგალითად, ვერ იძლევა პასუხს კითხვაზე, როდის დადგა გარდაცვალება. დასკვნაში წერია გამოკვლევის დროიდან 48 საათის იქით, რაც შეიძლება ხუთი დღეც იყოს, ერთი თვეც და ერთი წელიც. ანუ, აბსურდული პასუხია თვითონ ამ შეკითხვაზე.

მე არ ვიცი ასეთი ექსპერტიზა, სადაც არ არის აღწერილი გვამის მდგომარეობა, ანუ რა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. შესაძლებელია თუ არა ეს მდგომარეობა შეესაბამებოდეს წყალში დახრჩობის მომენტს? ეს საერთოდ არ არის.

ფოტოსურათები მაქვს ნანახი. სამწუხაროდ, არ მაქვს წვდომა ექსპერტიზის ფოტოსურათებზე, თუმცა, გამოძიების ფოტოსურათები ვნახე. იქ, ტელეეთერით გასულ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ხელის ლოკაცია/მდგომარეობა არის არაბუნებრივი, მეორე ხელისაც. ანუ. კიდურების მდგომარეობა და განსაკუთრებით მტევნების და თითების მდგომარეობა მიუთითებს კრუნჩხვით მოძრაობაზე. შესაბამისად, ფეხების მდგომარეობაც არის იმდაგვარი, რომ კრუნჩხვით მდგომარეობაზე მიუთითებს. არ აცვია ფეხსაცმელი და წინდები. ამაზე არავინ მსჯელობს რატომ არის ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში. რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? შეიძლებოდა თუ არა ამ მდგომარეობაში ის დამხრჩვალიყო? ანუ, ძალიან ბევრი სერიოზული შეკითხვაა ამ ექსპერტიზის მიმართ. ეს არის სრულიად ზედაპირულად ჩატარებული ექსპერტიზა, რომელიც არაფერზე მსჯელობს.

მინდა დავსვა, მაგალითად, ასეთი შეკითხვა: 19 წლის ბიჭი, რომელიც არის სპორტსმენი, ჯანმრთელი ადამიანი, როგორ წყალშიც უნდა ჩავარდნილიყო, ხელფეხს მაინც გაამოძრავებდა. მიცვალებულის მდგომარეობა/პოზა ხელების ფეხების და ა.შ. მიუთითებს საპირისპიროზე, რომ მას ამის საშუალება რატომღაც არ ჰქონდა და ასეთ სერიოზულ საკითხებზე თუ არ მსჯელობს ექსპერტიზა...

როგორ იყო ხალათის ყველა ღილი შეკრული, როცა ფეხსაცმელი არ ეცვა? არაფერი მსჯელობა ექსპერტიზის დოკუმენტში არ არის“.

მარიამ ჯიშკარიანი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ბიოლოგიური ანალიზის შედეგებს, თუმცა, ის შეიძლება მნიშვნელოვანი და ინფორმაციული იყოს:

„თუ დანაშაულის სცენა არის დათვალიერებული, იქიდანაც არის აღებული ნიმუშები; თუ ექსპერტიზა დროულად ჩაუტარდათ სავარაუდო მოძალადეებს. თუ მათი დნმ-ი დაემთხვევა მოწინააღმდეგე მხარის დნმ-ს, ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ იყვნენ შეხებაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას დროულად აქვს ექსპერტიზა ჩატარებული სავარაუდო მოძალადე მხარეს.

...ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ, დნმ-ის კვლევამ რაღაც ნათელი უნდა შემოიტანოს, თუ არის დროულად ჩატარებული მოწინააღმდეგე მხარის, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი საიდან მოიტანს მტკიცებულებებს გამოძიება.

...მოწინააღმდეგე მხარეს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს არის თუ არა შემხვედრი დაზიანებები სავარაუდო მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ეს დროც გაშვებულია. 2-3 კვირის მერე თქვეს, რომ უტარებენ ექსპერტიზას. შემდეგ დაცვის მხარე გამოვა და იტყვის, რომ არაფერი აღმოჩნდა.

ექსპერტებისთვის ხელშეწყობა იქნებოდა გამოძიების მხრიდან, რომ იყოს ამოღებული რაიმე ნივთმკტიცება. იქ ლაპარაკია ბლაგვ საგანზე. ექსპერტიზას უნდა ემსჯელა, რამდენად არის ეს ტრავმები ადამიანის მიერ მიყენებული, შესაძლებელია - ბლაგვი საგნებით. რომელი დაზიანება როგორი ფორმის საგნით არის მიყენებული. ამ მიმართულებით უნდა ყოფილიყო მსჯელობა“.

„ემპათიის“ ხელმძღვანელს კიდევ არაერთი კითხვა აქვს, მათ შორის დანაშაულის სავარაუდო სცენის დაუცველობის საკითხზე. მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქმის გამოძიება მკვლელობის მუხლით უნდა დაწყებულიყო:

„რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა აღეძრათ საქმე მკვლელობის მუხლით და შემდგომში ამასთან მიმართებით განეხორციელებინა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG