Accessibility links

რომელია ყველაზე სკანდალური ქართული სიმღერა?


ამას წინათ გადავაწყდი რომელიღაც სტატიას „ყველა დროის ყველაზე სკანდალური სიმღერების“ შესახებ. აი ხომ იცით, უამრავია ეგეთი. Ice-T-ს Cop Killer შეყავთ ხოლმე, რომლის პროტაგონისტიც გადაჭრილი თოფიც ნადირობს პოლიციელზე. გასაგებია, რატომაც მოყვა სკანდალი. კიდევ, ალბათ ბილი ჰოლიდეის Strange Fruit - სიმღერა ლინჩის წესით გასამართლებულ და ჩამოხრჩობილ შავკანიანზე, რომელიც ყველაზე ეფექტიან და გავლენიან საპროტესტო ჰიმნად მიიჩნევა და, შესაბამისად, თავის დროზე მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა.

ჰოდა, იმ ჩამონათვალში მადონას სიმღერამდე რომ ჩავედი, ვიფიქრე, ნეტა ქართული სკანდალური სიმღერები რომელი გვაქვს მეთქი?

ბევრი არ მომაგონდა.

შეიძლება პირველი „ბირჟა მაფიას“ ის ავადსახსენებელი კლიპი გაგახსენდეს კაცს. თუმცა, „თსლ შავი ზედა“ სკანდალური უფრო იმის გამოა, რაც მას მოჰყვა - რეპერებს ნარკოტიკი ჩაუდეს, დააპატიმრეს და მერე მთელი ამბები იყო. რას გიყვებით, უჩემოდაც კარგად გახსოვთ. მაგრამ, თავად ტრეკზე განსაკუთრებული აღშფოთება და განხილვა მაინცდამაინც არ მახსენდება.

სამაგიეროდ, მახსენდება კააარგა ხნით ადრე გამოსული რამდენიმე სიმღერა, რომლებზეც წესით ბევრი უნდა აღშფოთებულიყო, თუმცა ძალიან არავის გაულანძღავს აი, ეტყობა, თავის დროზე საჭირო ხალხს არ მოუსმენია „თეთრი ალუბლის მურაბის“ „ნათიას“, თორემ ერთი-ორ გაბრაზებულ სტატიას მაინც შევხვდებოდი სადმე.

აი, ჩემი აზრით ყველაზე სკანდალური ქართული სიმღერა ამავე დროს ყველაზე უწყინარიც არის. ირაკლი ჩარკვიანის „აფრენ“. თუ არ მოგისმენიათ, ასეთი ტექსტი აქვს: „შენ აფრენ. შენ აფრენ. აფრენ. ლა ლა ლა ლა...“.

რა იყო ამაში აღსაშფოთებელი? არ ვიცი - არც მაშინ მესმოდა და არც ახლა მესმის. თუმცა, არაერთი უფროსი თაობის დამსახურებული ხელოვანი გამოსულა ტელევიზორში და შეწუხებული სახით უთქვამს - „გელას შვილი“, „ნწ ნწ ნწ“, „მოგწონთ ეხლა ეგ?“

ძირითადად აეგ იყო პრობლემა - „რას გავს ეხლა ეს?“. ულამაზო იყო, თუ რაღაც ეგეთი. მაგაზე ჩხუბობდნენ.

მოკლედ, ჩემი ვერსია ესაა. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე სკანდალური ქართული სიმღერა? ერეკლე დეისაძის რამე? „კაიაკატასი?“ იქნება უფრო ძველი, საესტრადო რამე? ქვემოთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG