Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ახალგორელი გელა გარიევი, ის დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ არ გამოუშვეს


ახალგორელი გელა გარიევი მოულოდნელად ცუდად გახდა. 40 წლის კაცი მეზობლებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ ორი დღის განმავლობაში იწვა, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, ორი დღის შემდეგ ის ცხინვალის საავადმყოფოში ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა, - ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ახალგორელი წყარო აწვდის. მისი თქმით, გარიევს ნათესავები წეროვანში ჰყავდა და თვითონაც ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, მაგრამ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტის გამო ამას ვერ ახერხებდა.

„მარტო ცხოვრობდა, არ მუშაობდა და ძალიან განიცდიდა აქ შექმნილ მდგომარეობას, მეზობლების ამარა იყო დარჩენილი, ორი ძმა ჰყავს, ერთი ოჯახით წეროვნის დევნილთა დასახლებაშია, მეორე კი ფრეზეთის დასახლებაში. მათთან წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს. ცუდად რომ გახდა, აქაურმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არადა, მისი წნევა სულ უფრო ეცემოდა, სამკურნალოდ თბილისისკენ არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს, იქაც ზედ არ შეხედეს და მეზობლებს და მეგობრებს, ვინც გაყვნენ, 8000 რუბლი (400 ლარი) მოსთხოვეს, არც ექსპერტიზა ჩაატარეს, რომ სიკვდილის მიზეზი დაედგინათ. წუხელ გადმოასვენეს დაბაში და დღეს უკვე დამარხეს, ისე რომ არც ძმებს და არც სხვა ნათესავებს გამომშვიდობების საშუალებაც არ მიეცათ, ისინი დაბაში არ შემოუშვეს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ახალგორელი წყარო.

ახალგორის რაიონი, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება მაღალკვალიფიციურ ჯანდაცვის სერვისზე, რომლის აღმოჩენაც თბილისის კლინიკებშია შესაძლებელი. ახალგორის და ცხინვალის მედპერსონალის კვალიფიკაცია კი კრიტიკას ვერ უძლებს და ამას თვითონ ცხინვალელები აღნიშნავენ. გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, ჩაკეტილ ახალგორში 15 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG