Accessibility links

site logo site logo

მილიციამ ბელარუსში წუხელ ოპოზიციონერი კანდიდატების 200-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა


ბელარუსში მილიციამ წუხელ დააკავა ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატების ვიქტარ ბაბარიკასა და ვალერი ცეპკალოს სულ ცოტა 280-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებმაც მინსკსა და ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ ოპონენტების მიმართ წარმოებული დაშინების და რეპრესიების პოლიტიკის წინააღმდეგ.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 342-ე მუხლით - „ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ საქმიანობაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“ და რომელიც ითვალისწინებს როგორც ფულად ჯარიმას, ისე პირობით სასჯელს და ასევე სამ წლამდე პატიმრობას.

დაკავებულთა სია გამოაქვეყნა ბელარუსულმა უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“, რომლის საიტზეც დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის განახლება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მილიციამ დააკავა ათამდე ჟურნალისტი, მათ შორის, რადიო „თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მილიციამ ყველაზე მეტი, 200 კაცი, დააკავა მინსკში.

გავრცელებულ ფოტო- და ვიდეოკადრებზე ჩანდა, თუ როგორ მიათრევენ ასფალტზე დაგდებულ ადამიანებს მილიციის თანამშრომლები სპეციალური მანქანების, ე.წ. ავტოზაკებისკენ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები მოჰყვა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამშაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე საბოლოო უარი ეთქვა „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ვიქტარ ბაბარიკას და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი ცეპკალოს.

ამასთან, საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში დაარეგისტრირა ხუთი კანდიდატი, მათ შორის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა და სვეტლანა ციხანოსვკაია, პოპულარული ბელარუსი ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლე.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ ბაბარიკას და ცეპკალოს კანდიდატურებზე უარის თქმა ზღუდავს ქვეყანაში ამომრჩევლის ნებას და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულობას.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG