Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა აბიტურიენტმა, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, NAEC-ს უჩივლა


გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორ აბიტურიენტს, რომლებიც რელიგიური მრწამსის გამო შაბათ დღეს გამოცდაზე ვერ გადიან, თარიღის შეცვლაზე უარი უთხრა. ამ მიზეზით, მათ დისკრიმინაციის მუხლით გამოცდების ცენტრს სასამართლოში უჩივლეს. მათ უფლებებს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" იცავს.

"ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია იშველიებს "რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" გაეროს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებას:

"საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ მგრძნობელობა და საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უგულებელყოფს ამ ფუნდამენტურ უფლებას".

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ინგლისური ენის გამოცდა 17, 18 და 19 ივლისს ტარდება, აბიტურიენტებს კი 18 ივლისს, შაბათ დღეს უწევთ ამ გამოცდის ჩაბარება.

"როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება", - განმარტავენ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში".

გამოცდების ეროვნულ ცენტრში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აბიტურიენტებსა და მათ წარმომადგენლებს ოფიციალურად უკვე აცნობეს არგუმენტების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG