Accessibility links

ერგნეთში აქცია გაიმართა ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით


სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას. ეს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევის ბრალდებით დააკავა. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს უშუალოდ საქართველოს პოლიციის საგუშაგოსთან მიახლოების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. შესაბამისად, აქცია სოფელ ერგნეთის ცენტრში გაიმართა, სადაც შეამჩნევდით ტრანსპარანტებს: „არა ოკუპაციას“, „თავისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს და ზაზა გახელაძეს“, „Stop Russia”.

აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების სიფხიზლე და შეუგუებლობა ოკუპაციის მიმართ. ხოშტარიას აზრით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებები ნიშნავს ოკუპაციის მიმართ შეგუებას, რაც, მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ვოლსკიმ ზაზა გახელაძის შემთხვევის შესახებ თქვა: „ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა, რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!”

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან 11 ივლისს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.

მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა იწურება 17 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG