Accessibility links

აგვისტოდან საქართველოში „ფეისბუკზე" პოლიტიკურ რეკლამაზე მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე „ფეისბუკზე“ წერს ამავე სოციალური ქსელის ადმინისტრაციისგან მიღებული ოფიციალური წერილის შესახებ. როგორც ბენიძე აღნიშნავს, „ფეისბუკმა“ არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში მოქმედი 50-მდე ორგანიზაციის წერილს უპასუხა.

„როგორც გახსოვთ 2 კვირის წინ 50-მდე ორგანიზაციამ „ფეისბუკს" მივმართეთ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. სულ ახლახანს, კი ამ წერილზე „ფეისბუკის" ოფიციალური პასუხი მივიღეთ.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში „ფეისბუკზე" პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება”, - აღნიშნავს ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე, მიუთითებს, რომ წერილის მიხედვით, მომდევნო კვირების განმავლობაში „ფეისბუკი" პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ეს წერილი ადასტურებს, რომ „ფეისბუკი" სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, „ფეისბუკისთვის" მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება.

ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ცხადია, სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა „ფეისბუკზე" 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ბენიძე.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუკისგან" წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ ქმედებები მოითხოვეს „ფეისბუკისადმი" მიმართვას მოქმედმა 50-მდე ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

კონკრეტული ღონისძიებების გატარების მოთხოვნასთან ერთად, მათ მიმართვაში აღნიშნეს, რომ საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები, რაც „ფეისბუკისავე" ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG