Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ფაქტს. განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა და მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის დესტაბილიზაციას.

განცხადების თანახმად, დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს დესტაბილიზაციის მომტანი ქმედებები საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ:

"უზრუნველჰყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, ისევე როგორც, უზრუნველყოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. მოულოდნელად გამოჩენილმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო.

ე.წ. მესაზღვრეებმა ზაზა გახელაძე დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG