Accessibility links

პლატფორმა "სალამი": სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ გვრთავს სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში


პლატფორმა #სალამ-ი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესს არაინკლუზიურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მას, ლოჯისტიკური მიზეზების დასახელებით, ამ პროცესში ჩართვის საშუალება არ მიეცა. პლატფორმის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათთვის დღემდე უცნობია, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა ესა თუ ის ორგანიზაცია სტრატეგიულ დოკუმენტზე სამუშაოდ:

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან არ არსებობს შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, ან კიდევ კრიტერიუმები მიზნად ისახავს "სალამ-ის" მსგავსი ორგანიზაციების დიალოგის პროცესიდან გათიშვას. "სალამ-ი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ხმები და მოსაზრებები სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტების, მიმართულებების, მიზნების და ამოცანების განსაზღვრის პროცესში აუცილებელად გასათვალისწინებელია. ხოლო, ამ სივრციდან ჩვენი გარიყვა სტრატეგიული დოკუმენტის შემქნის პროცესის არაინკლუზიურობაზე მეტყველებს”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც „სალამისა“ და მისი მსგავსი ორგანიზაციების ხმის, პოზიციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე სტრატეგიული დოკუმენტი დაემსგავსება ამ სამინისტროს წინამორბედ დოკუმენტებს, რომლებიც ხშირად მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების დასანახად იქმნებოდა.

„მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მოძველებული მიდგომა, რომელიც ამ პროცესების უმთავრეს აქტორებს მხოლოდ და მხოლოდ სერვისის მიმღებ, პასიურ, ხმის არ მქონე ბენეფიციარებად სახავს, ვერანაირ ტრანსფორმაციულ და არსებით შედეგებს ვერ მოიტანს. მოვუწოდებთ, სამინისტროს რომ გადაიაზრონ ეს მიდგომა და პროაქტიულად ჩაგვრთონ ამ პროცესებში.

იმედს ვიტოვებთ, რომ თანამშრომლობის ღირსეულ და საქმიან ფორმატზე გადასვლას შევძლებთ და სამინისტრო ჩვენს შესახებ არაფერს დაგეგმავს ჩვენი ჩართულობის გარეშე”, - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა „სალამი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. „სალამისთვის“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტეგრაციის ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავებისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს EMC გამოეხმაურა. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" სოლიდარობა გამოუცხადა „სალამს“ და აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე თავადაც უარი განაცხადა:

„ჩვენი მოსაზრებით, პლატფორმა სალამი საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და უფლებების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას და თემის დემოკრატიული თვითორგანიზებისა და სოლიდარობის შენების ხელშეწყობას.

ამასთან, EMC მოუწოდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაიაზროს ეთნიკური უმცირესობების თემებში ახალგაზრდების თვითორგანიზებისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა და მისი სამუშაო ფორმატები უფრო ინკლუზიური, დემოკრატიული და განჭვრეტადი გახადოს. მათ შორის, პლატფორმა სალამი დაუშვას მის მიერ ორგანიზებულ გენერალურ თუ რეგიონალურ შეხვედრებზე”, - აღნიშნულია EMC-ის გამოხმაურებაში.

ბათუმში 17-18 ივლისს გაიმართება სამთავრობო კომისიის გაფართოვებული სხდომა, რომელიც განიხლავს 2021-24 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, გაფართოვებულ სხდომას სამთავრობო კომისიის წევრების გარდა დაესწრებიან სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო აპარატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ განარტებაში აღნიშნულია, რომ უწყება მოხარულია სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით გამოჩენილი მაღალი ინტერესის გამო, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მხრიდან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, "სალამი" სტრატეგიის განხილვის მომდევნო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

"ჩვენი ხედვაა, მთელი პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად წარიმართოს და კონსტრუქციულად განწყობილი ყველა იმ აქტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებით. ამიტომ დაიგეგმა სამუშაო შეხვედრების, ფოკუს ჯგუფებისა და განხილვების მთელი ციკლი, ასევე ვითხოვეთ წერილობით წარმოედგინათ პოზიციები და რეკომენდაციები. თითოეული მოსაზრება თუ ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა", - აღნიშნულია განმარტებაში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატი უკმაყოფილებას გამოხატავს სტრატეგიის პროცესის დესტრუქციულად დახასიათებას "სალამის" მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG