Accessibility links

საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ არმია და შსს მზად არიან „აღკვეთონ“ ყოველგვარი არეულობა


ბელარუსის არმია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები ემზადებიან იმისათვის, რომ აღკვეთონ არეულობა, - ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ანდრეი რაუკოუმ, განაცხადა ვიტებსკში მდებარე 103-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში ქვეყნის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკას ყოფნის დროს.

ბელარუსმა მაღალჩინოსანმა 16 ივლისს განაცხადა, რომ, როგორც წესი, ყველა ომი ბოლო დროს სწორედ „ქუჩებიდან და მოედნებიდან“ დაიწყოო.

„ავიღოთ ტაჰრირი (ეგვიპტე), ავიღოთ სირია, უკრაინაში განხორციელებული რადიკალური ქმედებები. ყველა ამ მოვლენას, დიდი ანგარიშით, დასავლეთი უკრაინაში 20 წლის განმავლობაში ამზადებდა, ხოლო რუსეთი ცდილობდა წინ აღდგომოდა ამას. მაგრამ ისინი წავიდნენ ამ გზით, რაც ცუდია, მაგრამ ეს მოხდა. ჩვენთვის ეს გაკვეთილს წარმოადგენს,“-განაცხადა ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ანდრეი რაუკოუმ.

ბელარუსი მაღლჩინოსნის ამ განცხადების ფონია მზარდი საერთაშორისო აღშფოთება ბელარუსში 14 ივლისის საპროტესტო აქციის ძალით ჩახშობის შემდეგ დაწყებული რეპრესიების გამო.

ბელარუსმა სამართალდამცველებმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების მხარადმჭერ აქციებში მონაწილეობისათვის დააკავეს 300-მდე ადამიანი, მათ შორის ათობით ჟურნალისტი, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

15 ივლისს მილიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ცემა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი, ანტონ ტრაფიმოვიჩი, რომელიც მოგვიანებით იზოლატორიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

წინა დღით ცენტრალური საარჩევნო კომიის გადაწყვეტილების შესახებ პირდაპირ ეთერში საუბრის დროს, მილიციამ დააკავა ჩვენი რადიოს ჟურნალისტები, ალეს პილეცკი და ანდრეი რაბჩუკი.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ კოლეგებზე თავდასხმა განახორციელდა პირდაპირი ეთერის დროს, აღარ ტოვებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს ჩვენი მაუწყებლობა და აუდიტორიას წაართვას სანდო ახალ ამბებზე წვდომის შესაძლებლობა“, - ნათქვამია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დეიზი სინდელარის, განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG