Accessibility links

შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ მათი ოჯახის მიმართ, იძულებული გახადა დაწეროს მიმართვა.

„მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ.

რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა“ ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ "საზოგადოებრივ გამომძიებლებს" მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!" ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?

რომელი ერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი... და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არაადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?!“, - წერს გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი.


თამუნა შალვაშვილი მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, რომლებმაც, მისი სიტყვებით, გულთან ახლოს მიიტანა მათი ოჯახის ტრაგედია.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG