Accessibility links

ივანიშვილი ოპოზიციაზე: მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის დღევანდელი და წინა ხელისუფლება შეადარა ერთმანეთს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაზე გამოსვლისას.

ივანიშვილის შეფასებით, კორონავირუსით გამოწვეულ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, „ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა“.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, ის, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბუნებრივი იყო, კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა და ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტური ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე უფრო ღირებულია. პარტიის ლიდერმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ასეთად დარჩება.

„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან კონკრეტული პარტიების დაუსახელებლად გაიხსენა ისიც, რომ ახლახან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა არ მიიღეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში: „ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთჯერ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას სჯერა, რომ ხალხს აქვს სიბრძნე, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეს კოჯრიდან დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG