Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული ოცნება” საარჩევნო სიის წარდგენას სექტემბერში გეგმავს


"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, პარტია საარჩევნო სიას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში წარადგენს, 20 ივლისს წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კი, როგორც ღირსეულ ადამიანებს, ისე ახასიათებს და ამბობს, რომ მათ შორის ბევრი "მძიმეწონიანი პოლიტიკოსია".

"არიან ე.წ. ახალი სახეებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან ქართულ ოცნებას, ისინი გუნდის ღირსეული, ძველი წევრები და, ასე ვთქვათ, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან. მათი სინთეზი, ამ კანდიდატების, საბოლოო ჯამში, მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს ქვეყნის განვითარებას", - ამბობს მდინარაძე.

20 ივლისს წარდგენილ 30 დეპუტატს შორის ქალი მხოლოდ ერთია და, როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, საარჩევნო ერთიან სიაში ისინი მოხვდებიან იმის გამო, რომ საკანონმდებლო ნორმა ამის ვალდებულებას გულისხმობს.

"ჩვენ რადგან დღეს წარდგენა გვქონდა, უკვე დავიწყებთ ფიქრს საარჩევნო სიაზე, აქ იქნება უფრო მეტი ახალი სახეც, იქნებიან ქალები, ამას ჩვენ ჩვენივე მიღებული კანონი და შესაბამისი ნორმა გვავალდებულებს და ეს ძალიან კარგია.

ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ სექტემბერში ვგეგმავთ მთლიანი საარჩევნო სიის წარდგენას საზოგადოებისთვის, დღევანდელი დღიდან, პრაქტიკულად კამპანიაც გავხსენით და უკვე მაჟორიტარები გავლენ თავიანთ რეგიონებში, გააცნობენ მათ ხედვებს საზოგადოებას და მე დარწმუნებული ვარ, ეს საარჩევნო მარათონი არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული", - ამბობს მდინარაძე, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციური კანდიდატები მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევენ.

"ჩვენ არ გვიხარია, რომ მაინცდამაინც არ გვყავს მძიმეწონიანი კონკურენტები, კანდიდატები ჩვენ გვყავს ისეთები, რომ კონკურენტები, სამწუხაროდ, ვერ გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას. ესენი არ არიან მძიმეწონიანი კონკურენტები ჩვენთვის.

მათ [ოპოზიციას] აქვთ პრობლემები თავიანთ გუნდში და რაღაც, შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ საზოგადოებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგს ამძიმებს თავისი წარსული, ზოგს დღევანდელობა, როცა არაადეკვატურობას ვხედავთ მათი მხრიდან.

დღეს, უფრო მძიმე მესიჯების გაშვება არ მინდა, არ მინდა დავამძიმო საზოგადოება, იმიტომ რომ ძალიან კარგი დღეა. ჩვენ მიგვაჩნია და რეალურად საზოგადოებასაც მიაჩნია, რომ ისინი კონკურენციას ქართული ოცნების ვერც კონკრეტულ კანდიდატებს და ვერც ქართული ოცნების გუნდს ვერ გაუწევენ, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ძლიერი კონკურენტები. სამწუხაროდ. ეს ქართული დემოკრატიისთვის კარგი არ არის", - თქვა მამუკა მდინარაძემ მედიასთან 20 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG