Accessibility links

კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი, ხელოვნური ბალანსი: რა შეიცვალა აჭარის ტვ-ში — მონიტორინგი


მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა, ხელოვნური ბალანსი და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი - ასეა შეფასებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშში:

“საანგარიშო პერიოდი დაემთხვა დაპირისპირების პერიოდს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორსა და იმ გუნდს შორის, რომელიც ამზადებდა დასაკვირვებლად შერჩეულ გადაცემებს. გუნდის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა, საკადრო ცვლილებების შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა”.

რა მოხდა აჭარის მაუწყებელში?

საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებით ტელევიზიას იმ ჟურნალიტებს ატოვებინებენ, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდნენ. დირექტორი ამბობს, რომ ის მიკერძოებულ ტელევიზიას დამოუკიდებლობას უბრუნებს, ჟურნალიტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

  • დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალეს და მისი უფლებები შეზღუდეს;
  • საინფორმაციო სამსახურის უფროსი სამსახურიდან გაუშვეს;
  • ახალი ამბების მთავარი გამოშვების პროდიუსერის თანამდებობა გააუქმეს;
  • მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაუშვეს;
  • ონლაინსამსახურის მიმართულების ხელმძღვანელს უფროსი დაუნიშნეს;
  • ახალი ამბების ერთ-ერთი კორესპონდენტი ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს.

საკადრო ცვლილებების შემდეგ

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 20-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა - არ შუქდებოდა მნიშვნელოვანი ამბები; ბალანსი ხელოვნურად იყო დაცული და კონტენტი კრიტიკისგან იყო დაცლილი.

29 მაისის გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის საკრებულოს იმ სხდომის შესახებ, სადაც ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ საკითხი არ უნდა ამოეღო. საქმე ეხებოდა ბათუმის ბულვარის ცენტრში დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემას იმ კომპანიისთვის, რომელიც ოთხსართულიანი მშენებლობის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვდა.

“ამბის გაშუქებისას, აჭარის ტელევიზიამ აქცენტის გაკეთება ამჯობინა იმაზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი დაზარალდებოდა, თუკი საკითხი ჩავარდებოდა”, - წერია ანგარიშში.

მონიტორინგის მიხედვით, გადაცემაში შუქდებოდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა ჟურნალისტის მხრიდან არ ისმოდა კრიტიკული კითხვები. ხოლო წამყვანის კითხვები ეხებოდა პროცედურულ საკითხებს და განმარტებებს, თუ რას მოიცავს ესა თუ ის პაკეტი, როგორ შეუძლიათ ადამიანებს მისი მიღება და ა.შ.:

“საინფორმაციო გამოშვებაში ტენდენციური ხასიათი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას, ვიდრე მათ კრიტიკას”.

“საინფორმაციო გამოშვებიდან გაქრა მაუწყებელში მიმდინარე პროცესები”

მონიტორინგის თანახმად, საკადრო ცვლილებების შემდეგ, მაუწყებელში მიმდინარე პროცესები საერთოდ ამოვარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგიდან. ანგარიშის მიხედვით:

  • საინფორმაციო გამოშვების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ომბუდსმენმა აჭარის მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძეს 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა;
  • 11 მაისს კადრ-სინქრონად გაშუქდა ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლის მალხაზ რეხვიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ამბავზე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოხმაურება კი საერთოდ არ გაშუქებულა.

მონიტორინგის თანახმად, 20-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ყურადღების მიღმა ტოვებდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საკითხებს. სხვა მედიებისგან განსხვავებით, აჭარის მაუწყებელი არ დაინტერესდა:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, რომლის თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული;
  • ჟურნალისტური გამოძიებით, რომლის თანახმად თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით ტვირთის შემომტანი ბიზნესმენები კორუფციულ სქემას აწყდებიან;

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „მთავარში“ 20:00 საათზე, რიგ შემთხვევებში, ბალანსი არ იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭებაში, ან საერთოდ არგაშუქებაში.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები

მონიტორინგის თანახმად, 5 გადაცემიდან სამში - “სათქმელი”, “მთავარი აჭარაში”, “კვირის მთავარი” - სარედაქციო პოლიტიკაზე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გავლენა არ მოუხდენია. ეს გადაცემები იყვნენ მიუკერძოებელნი, წამყვანები იყვნენ მომზადებულნი და კრიტიკულნი და იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს.

ანგარიში აკრიტიკებს მაუწყებელში ცვლილებების შედეგად მისული ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემას “თავისუფალი სივრცე”. მონიტორინგის თანახმად:

  • წამყვანი ხშირად სათანადოდ არ იყო მომზადებული განსახილველი საკითხისთვის;
  • შესამჩნევი იყო წამყვანის სუბიექტური, უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ;
  • კრიტიკული კითხვები ისმებოდა, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ.

“მნიშვნელოვანია გადაცემებში სტუმრების თანმიმდევრობაც - ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვებით იწყებოდა გადაცემა, შემდეგ კი, იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც ჟურნალისტს არ ჰქონდა კრიტიკული კითხვები. იყო შემთხვევები, როდესაც დასკვნით ნაწილში მაყურებელი უსმენდა ხელოვანებს, რომლებიც საუბრობდნენ არა პრობლემებზე, არამედ პოზიტიურად აფასებდნენ ხელისუფლების საქმიანობას და გვახსენებდნენ, რომ „პრობლემებიც არსებობს, მაგრამ ახლა ფორსმაჟორია...“, - წერია მონიტორინგის ანგარიშში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მაუწყებლის გადაცემებს 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში აკვირდებოდა.

აჭარის ტელევიზიის მონიტორინგი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაუწყებელში დირექტორი შეიცვალა, რასაც მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვა. მონიტორინგს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით ახორციელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG