Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნიმ განაცხადა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დახურვის შესახებ


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამფუძნებელმა, ალექსეი ნავალნიმ, განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფონდის ლიკვიდაციის შესახებ.

„ჩვენ მართლა იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, რომელიც მე 9 წლის წინ დავაარსე, აღსასრულის დღე დაუდგა. იმიტომ, რომ ის უბრალოდ წაგვართვეს“, - წერს ნავალნი.

თავისი გადაწყვეტილება ნავალნიმ ახსნა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანია „მოსკოველი მოწაფის“ სარჩელით. ამ ორგანიზაციამ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, ალექსეი ნავალნისა და ლიუბოვ სობოლს, 2019 წელს სასამართლოში მოუგო 88 მილიონი რუბლი.

სასამართლომ დაადგინა, რომ მამხილებელი ვიდეორგოლის გამო კომპანია „მოსკოველ მოწაფეს“ ჩაუვარდა კონტრაქი სააქციო საზოგადოება „სოციალური კვების ცენტრთან“.

ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ფონდი არ აპირებს დაკისრებული ჯარიმის გადახდას, რადგან თანხა უზარმაზარია.

„როგორც ჩანს, პუტინის ხელისუფლების ბოლომდე ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება გაყინული ანგარიშებით და ბოქაულებით, რომლებიც მუდმივად იქნებიან დაკავებული ჩვენი ქონების ამოღებით პუტინის მზარეულის სასარგებლოდ“, - განაცხადა ნავალნიმ.

ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და მისი კომპანიები სახელმწიფოს მსხვილი მომმარაგებლები არიან კვების პროდუქტებით და ამიტომაც უწოდეს მას „პუტინის მზარეული“. მას აკავშირებენ ასევე ე.წ. ტროლების ფაბრიკასა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაფინანსებასთან.

არაკომერციული ორგანიზაცია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“ ალექსეი ნავალნიმ დააარსა 2011 წელს.

ფონდი აერთიანებს ნავალნის ყველა პროექტს და დაკავებულია რუს სახელმწიფო მოხელეებსა და სახელმწიფო კომპანიებში გავრცელებული კორუფციული შემთხვევების გამოძიებით. რუსეთის ხელისუფლებამ ფონდი შეიტანა „უცხოელი აგენტების“ რეესტრში, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის მცდელობისთვის.

ნავალნი და მისი თანამებრძოლები ცდილობენ, დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრონ და დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG