Accessibility links

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში მეშახტე ამირან ბოჭორიშვილმა 21 ივლისს თვითდაზიანება მიიყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ადგილობრივი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ შახტის ადმინისტრაციის შენობაში დილით ხელფასის მომატების მოთხოვნით მოვიდა. ის ეწინააღმდეგებოდა ადმინისტაციის გადაწყვეტილებას, მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სადაც არსებულზე ნაკლები ანაზღაურება ექნება.

„900 ლარი არ მყოფნიდა, მე ვარჩენ ოჯახს, მე ვარ ერთადერთი დასაქმებული და 300 ლარი მეყოფა?! მოვითხოვე ხელფასის გაზრდა ან ძველ პოზიციაზე დაბრუნება“, - ამბობს ამირან ბოჭორიშვილი.

მისი სიტყვებით, მარცხენა მკლავზე ორი ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, თავისი ქმედება რა შედეგს მოუტანს.

ტყიბულის შახტის ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაგა ისაკაძის ინფორმაციით, ამირან ბოჭორიშვილი ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის შესახებ ექიმის დასკვნის საფუძველზე სხვა სამსახურში გადაყვანას, რის შედეგადაც მისი ხელფასი დაახლოებით 40 %-ით მცირდება.

„მე თავად ვნახე რამდენიმე კვირის წინ გაცემული ექიმის დასკვნა და მას აქვს ქრონიკული ბრონქიტი, რის გამოც შახტში მუშაობა არ შეიძლება. პირადად გადავამოწმე სხვა ექიმებთანაც და ყველამ იგივე დამიდასტურა. ამ ცნობის საფუძველზე, შახტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ამირან ბოჭორიშვილს ზედაპირულ კომპლექსზე შესთავაზა მუშაობა. ვნახე მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომლითაც იგი თანახმა იყო სამსახურის ცვლილების, თუმცა დღეს რატომ მოხდა ინციდენტი, ჩემთვის უცნობია“, - აცხადებს გაგა ისაკაძე.

მომხდართან დაკავშირებით შახტის ადმინისტრაციაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG