Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეარ ფრანსი“ 8 აგვისტოდან შეასრულებს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით რეისებს


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეძლებს რეისების შესრულებას.„შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამის შესახებ კომპანიასაც ეცნობება. ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს თავად კომპანია გადაწყვეტს. „ეარ ფრანსის“ რეისები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შესრულდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა „ეარ ფრანსის“ რეისების შესახებ. პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. როგორც სააგენტო იტყობინება, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ ​ შორის. ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორჯერ შემდეგი განრიგით შეასრულებს:

• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
• თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, გრძელდება მოლაპარაკებები „ეარ ბალტიკთან“, რომელმაც რეგულარული რეისები უნდა შეასრულოს რიგა-თბილისის მიმართულებით და ამაზეც გადაწყვეტილება უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს.

ივნისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, საზღვრები გაუხსნან კორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხო ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG