Accessibility links

„ჩვენი ექიმები“ - „ოცნების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?


საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა.

ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი მმართველი პარტია, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსისგან ეხსნა ხალხი და ქვეყანა.

უცნაურია, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას არაფერი თქმულა სიღარიბის, უმუშევრობის, ინფლაციის, ეკონომიკის, მართლმსაჯულების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სხვა საკითხებზე. მთავარი აქცენტი ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლაზე გაკეთდა!

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ...კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო „ქართული ოცნება“ და ასეთად დარჩება ყოველთვის“, - განაცხადა ტრიბუნასთან მდგომმა ბიძინა ივინიშვილმა და, მისი სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მთავრობის წევრების სახეებთან ერთად საზოგადოებამ მსხვილი ხედით იხილა „პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი მუშკეტერები“:

  • ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე;
  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ნდობის 79 %-იანი მაჩვენებლით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მხოლოდ ჯარს (90 %) და ეკლესიას (88 %) ჩამორჩება, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ნდობის მაჩვენებლები, სულ რაღაც, 63 % და 52 %-ია, გასაგები გახდება, თუ რატომ მიიწვიეს პარტიულ ღონისძიებაზე და რატომ შეურიეს მმართველი პარტიის „სახეებში“ NCDC-ის ხელმძღვანელები და სხვა სახელოვანი ექიმები.

წინა წლებში მმართველი პარტიები, როგორც წესი, ცნობილი სპორტსმენებისა და კულტმუშაკების პოზიტიურ იმიჯს მოიხმარდნენ. აშკარაა, რომ პანდემიამ ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებები გამოიწვია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე „ჩვენი სახელოვანი ექიმების“ გამოჩენა დიდად არ წაადგება მათ იმიჯსა და, ზოგადად, ექიმებისადმი ხალხის ნდობას.

ნდობის მაღალი ხარისხის გარეშე ძნელია ეპიდემიის ეფექტიანი მართვა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ისედაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, რომ მთავრობა პოლიტიკური მოტივებით ცდილობს ვითარების გაბუქებას და ამგვარი ეჭვების გამო ან ზერელედ იცავს დაწესებულ შეზღუდვებს ან, საერთოდ, უგულებელყოფს მედიკოსთა რეკომენდაციებს.

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მმართველი პარტიის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრებით დამატებით არგუმენტებს აძლევთ ოპონენტებს, რომლებიც ეჭვობენ, რომ მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს როგორც კოვიდის ეპიდემიას, ასევე სამედიცინო პერსონალს?" - რადიო თავისუფლებამ ეს კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დაუსვა.

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ბევრჯერ განვაცხადე: მე პოლიტიკა დავტოვე, როცა მინისტრობიდან წამოვედი 2004 წელს. ამის შემდეგ პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვმონაწილეობ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. შეგნებულად ვარიდებ თავს, აპოლიტიკური პიროვნება ვარ. სპეციფიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვცდილობ ამით დავეხმარო ჩემს ქვეყანას. 20 ივლისს ვისი წარდგენაც იყო და რომელი პარტიისაც, სერიოზული როლი ითამაშეს იმაში, რომ 8 წლის განმავლობაში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯანდაცვა, რომლის წარმომადგენელიც მე გახლავართ, გამხდარიყო პოლიტიკური პრიორიტეტი. რა არის გასაკვირი, რომ მე მიმიწვიეს იქ და მათი მხარდამჭერი ვარ?

რადიო თავისუფლება: ეს რომ ყოფილიყო მთავრობის ღონისძიება, თქვენც სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენთ და გასაკვირი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს იყო პარტიული ღონისძიება....

ამირან გამყრელიძე: კი, მაგრამ ეს პარტია ხომ მმართველი პარტიაა?

რადიო თავისუფლება: პარტიები იცვლებიან, ბატონო ამირან...

ამირან გამყრელიძე: იცვლებიან, კი ბატონო. როცა პოლიტიკური თანამდებობა მეჭირა, მაშინ სხვა პარტია იყო...

რადიო თავისუფლება: დავაზუსტებ: სოციალურ ქსელში ვუყურებდით თქვენს პირდაპირ ეთერს. კომენტარებში ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, აი, მმართველ პარტიას სჭირდება covid-ი საარჩევნოდ შეზღუდვების დასაწესებლად და ამისთვის იყენებენ გამყრელიძეს და მის დაწესებულებასო...

ამირან გამყრელიძე: არა, ბატონო! არ ვიცი, თქვენ რამდენად მიცნობთ მე. ჩემი გამოყენება ეგრე ადვილი არ არის. მე ვარ საკმაოდ პრინციპული ადამიანი! კარგზე ვიტყვი კარგს და ცუდზე ვიტყვი ცუდს. ასევე ადვილი არ არის ამირან გამყრელიძის გამოყენება, ვერავინ ვერ გამოიყენებს ამირან გამყრელიძეს. ამირან გამყრელიძე ამ 30 წლის განმავლობაში ემსახურება მხოლოდ ერთს - თავის ქვეყანას და თავის ხალხს. ნებისმიერ პოზიციაზე - ვიყავი უბრალო ექიმი, ვიყავი პროფესორი, ვიყავი დირექტორი თუ ვიყავი მინისტრი... ამირან გამყრელიძე დგას ყოველთვის თავისი ხალხის სამსახურში, სულ ერთია, რომელი პარტია ხელმძღვანელობს ქვეყანას. თქვენ გგონიათ, სააკაშვილის დროს ნაკლებს ვაკეთებდი? ან შევარდნაძის დროს? გამორიცხულია, რომ სადმე ქვენააზრების გამო ვყოფილიყავი. არ ვმალავ, რომ მხარდამჭერი ვარ. ჩემთვის ყველაზე მთავარია ის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, რაც არასოდეს ყოფილა. ვიმეორებ, მოგვეცა მეგაპროექტების განხორციელების საშუალება, რამაც გარკვეული შვება მოუტანა მოსახლეობას. ამაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის და დამიძახეს, რა მოხდა, რა არის ამაში გასაკვირი?

ამირან გამყრელიძის მსგავსად, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას ასევე დაესწრო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი:

ლევან რატიანი
ლევან რატიანი

„პირველ რიგში ექიმი ვარ და სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები. ვისაც დავჭირდები, ყველგან ვიქნები“.

რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ ეს ხომ არ იყო სამედიცინო ღონისძიება, რომ ექიმის დასწრების აუცილებლობა ყოფილიყო?

ლევან რატიანი: სამედიცინო ღონისძიება იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც დავჭირდები, ვინც დამპატიჟებს, ყველგან მივალ... ოღონდ საქართველოს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ“.

რადიო თავისუფლება: სხვა პარტიებმაც რომ დაგპატიჟონ, მიხვალთ?

ლევან რატიანი: სადაც იქნება ქვეყნის საკეთილდღეო ამბავი და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ექნებათ ჩვენს შვილებს, იქ ვიქნები მეც. ასე რომ, ექიმი ვარ და პოლიტიკა არ მაინტერესებს!

რადიო თავისუფლება: თქვენ შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ პოლიტიკოსები იყენებენ თქვენს დადებით იმიჯს...

ლევან რატიანი: არავინ არ იყენებს, ნამდვილად. დამიჯერეთ, თავს არავის გამოვაყენებინებ. აპოლიტიკური ვარ, პოლიტიკის არაფერი არ მაინტერესებს!

ცხადია, „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობით „ჩვენი ექიმები“ საქართველოს კანონმდებლობას არ არღვევენ. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, საარჩევნო კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას მხოლოდ ოფიციალური კამპანიის პერიოდში (კენჭისყრის დღემდე 2 თვის განმავლობაში) უზღუდავს.

ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

იქიდან გამომდინარე, რომ ფიციალური კამპანია ჯერ არ დაწყებულა (იწყება აგვისტოს ბოლოს, როცა ოფიციალურად დაინიშნება არჩევნები), საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ არ დარღვეულა, თუმცა, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის თანახმად, მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანცირებული პარტიული ღონისძიებები სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, რათა ამომრჩეველს არ ჰქონდეს აღქმა, რომ სახელმწიფო და პარტია ერთი და იგივე ინსტიტუტებია და მათ შორის ზღვარი არ არსებობს. ეს არის საერთაშორისო პრინციპი, რომლის დაცვაც ევალება როგორც მთავრობას, ასევე მმართველ პარტიას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG