Accessibility links

მაიკ პომპეოს ბრიტანეთის პრემიერთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკება ჰქონდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერთან, ბორის ჯონსონთან 21 ივლისს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ "კონსტრუქციული" მოლაპარაკებები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსთან - ტრანსატლანტიკური მოკავშირეები ესწრაფვიან დაუპირისპირდნენ ჩინეთის მზარდ გავლენას.

პომპეო ჯონსონს ლონდონში, 21 ივლისს შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მოლაპარაკებებში მთავარი ყურადღება დაეთმო მოვლენათა განვითარებას ჰონგ-კონგში, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, ადამიანთა უფლებების დარღვევას სინიანში და ჩინეთის მიერ სწრაფი მობილური ტელეფონების ტექნოლოგიის გაყიდვას.

შეხვედრა ჩატარდა მალევე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა შეუჩერა მოქმედება ექსტრადიციის შესახებ თავის ხელშეკრულებას ჰონგ-კონგთან და დაბლოკა იარაღით ვაჭრობა ბრიტანეთის ყოფილ ტერიტორიაზე, რითაც გაანაწყენა პეკინი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ახალი მკაცრი კანონი შემოიღო უშიშროების სფეროში.

დღის წესრიგში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ახალ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, ევროპის კავშირიდან ამ უკანასკნელის გასვლის შემდეგ.

"კონსტრუქციული შეხვედრა @borisjohnson-თან დღეს. ჩვენი ორი ქვეყნის ხანგრძლივმა, ძლიერმა და ორმხრივმა ურთიერთობამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მიერ სხვადასხვა საკითხების გულწრფელ განხილვას 5G ტელეკომუნიკაციებით დაწყებული და აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებით დამთავრებული," დაწერა პომპეომ ტვიტერზე.

აშშ თავის მოკავშირეებს თხოვდა, აეკრძალა ჰუავეის 5G ტექნოლოგიის გამოყენება და აცხადებდა, რომ ჩინეთის მთავრობას ის დასავლეთის ქვეყნების სათვალთვალოდ შეიძლებოდა გამოეყენებინა. ჰუავეი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ მოქმედების უკან აშშ-ის პროტექციონიზმი დგას.

პომპეო გეგმავდა შეხვედრას ჯონსონის კონსერვატიული პარტიის მაღალი რანგის პირებთან, რომლებმაც არ დაუშვეს გაერთიანებულ სამეფოში სწრაფი მობილური ტელეფონების ქსელში ჰუავეისთვის როლის მინიჭების გეგმების განხორციელება.

აშშ, ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები შეშფოთებული არიან უშიშროების სფეროში ახალი კანონით, რომელიც ჩინეთმა დაუწესა ჰონგ-კონგს, და აცხადებენ, რომ ის არღვევს 1997 წლის შეთანხმებას, რომლის პრინციპი უნდა ყოფილიყო "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა".

1997 წელს ბრიტანეთმა უკან დაუბრუნა ჩინეთს კონტროლი ჰონგ-კონგზე და მოელოდა, რომ პეკინი დაიცავდა მის უფრო თავისუფალ ეკონომიკურ და სოციალურ ტრადიციებს მისი გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

ბრიტანეთის მიერ ჰონგ-კონგთან ექსტრადაციის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება მოჰყვა ანალოგიურ ნაბიჯებს აშშ-ის, ავსტრალიის და კანადის მხრიდან.

ჩინეთის ელჩმა ბრიტანეთში, ლიუ სიაომინმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ "პასუხი უნდა აგოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების შედეგებზე". მან ამ ახალ ზომას ჩინეთის საშინაო საქმეებში გაერთიანებული სამეფოს უხეში ჩარევა უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG