Accessibility links

სომხეთმა აზერბაიჯანი მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულა


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივლისს ღამით, აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ შეუტია საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე მდებარე საგუშაგოს, თუმცა, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა იერიში მოიგერიეს. ერევანი ირწმუნება, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, სომხურ მხარეს კი - არა.

ინფორმაცია უარყო აზერბაინაჯის თავდაცვის სამინისტრომ. მისი წარმომადგენლის, ვაგიფ დარგალის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან არანაირი ახალი თავდასხმა არ ყოფილა, რომ აღარაფერი ვთქვათ დანაკარგზე, და სომხეთი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლო ხანს ვითარება შედარებით სტაბილური გახდა.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG