Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა კარგი 2020-ში? Gorillaz!


ჯერჯერობით 2020 საარაკოდ ნაგავი წელი მოჩანს, თუმცა, როგორც ჩანს, ერთი კარგი რამ მაინც ხდება - Gorillaz ნელ ნელა სრულიად სიგიჟე ალბომს უშვებს.

თან, ამას როგორც „გორილების“ (თუ „გორილებიზ“ უფრო სწორი იქნება?) ფანი არ ვამბობ. პირველ რიგში იმიტომ, რომ არა ვარ მათი ფანი. რამეს კი არ ვუწუნებ, მაგრამ, რა ვიცი, ჩემი საყვარელი ჯგუფების ტოპ ოცეულში არ ხვდებიან.

თუმცა კი მიყვარს, თან მთელი გულით. აბა, რა ადამიანი უნდა იყო, ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკის, პოპის, როკის და, ვინ იცის კიდევ რისი ეს „ექსცენტრიკული პოსტმოდერნული ნაზავი“ რომ არ მოგწონდეს? Gorillaz-ის რომელიმე სიმღერაზე თუ არ გიკაიფია ცხოვრებაში, ესე იგი რაღაც მაგრად გეშლება.

ჯგუფმა ბოლო კარგი ალბომი, Plastic Beach, კარგა ათი წლის წინ გამოუშვა. მას შემდეგ დეიმონ ალბარნი და ჯეიმი ჰიულეტი ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ... ალბომებსაც უშვებდნენ, რომლებშიც არაერთი კარგი და რამდენიმე ძალიან კარგი ტრეკიც შესულა, მაგრამ, ამასთან ბევრ ისერა სიმღერასაც ნახავდით.

ისე ჩანდა, თითქოს პროექტმა სახე დაკარგა. „სახე დაკარგა“, ანუ, „თავი მოიჭრა“ კი არა - ღერძი მოეშალა. „გორილების“ მუღამი ყოველთვის ის იყო, რომ, მართალია, ტრეკებში უამრავი სახელოვანი სტუმარი ჰყოლიათ, რომლებიც სიმღერებს თავის ელფერს აძლევდნენ, მაგრამ ამას საბოლოოდ მუსიკალურად მაინც ალბარნი კრავდა ხოლმე და საერთო სახეს აძლევდა. ბოლო დროს კი ეგ ბალანსი დაირღვა - ბევრ კომპოზიციაში მოწვეული მუსიკოსები უფრო დიდ როლს თამაშობდნენ, ვიდრე „გორილები“ და, ამიტომ ბოლო ორი ალბომი ძალიან არათანაბარი გამოვიდა.

ჰოდა, ამ წყეულ 2020 წელს ალბარნმა თქვა, ტრადიციული ალბომები მომბეზრდა, თვეში ერთ სიმღერას დავდებთ და ბოლოს ერთად შევკრავთ და სეზონს დავარქმევთო - სერიალებს როგორც აქვთ, ისეო. მას მერე Gorillaz-მა 5 სიმღერა (როგორც თავად უწოდებენ, ეპიზოდი) გამოუშვა და, ვაი, დედა, რა კარგებია.

მართლა, ერთმანეთზე უკეთესი, ხელიხელ საგოგმანებელი, ჩასაყლაპი მარგალიტებია. (გაფრთხილება: მარგალიტები არ გადაყლაპოთ. ასევე, თუ მათ შინაური ცხოველის წინ დაყრას გადაწყვეტთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ცხოველებში ღორი არ გამოერიოს. თხების და ბოცვრების წინ ყარეთ, რამდენიც გინდათ.)

ყველა ტრეკი განსხვავებულია. შეკრული. გაშალაშინებული. მრავალფეროვანი და საინტერესო სტუმრები ყავთ - ჰიპ-ჰოპის ამომავალი ბრიტანელი ვარსკვლავი Slowthai გინდა, New Order-ის ბასისტი პიტერ ჰუკი თუ მალიელი დივა ფატუმატა დიავარა.

მოკლედ, თუ ჯერ არ მოგისმენიათ, გილოცავთ! აი, პირველ ეპიზოდს დავურთავ და მანდედან დაიწყეთ და ხუთივე დააფასეთ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG