Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზაში ნეიროქირურგისა და რეანიმატოლოგის ჩართვა მოითხოვა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, დამატებით, სამი ექიმი, ნეიროქირურგი, ნევროლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი, ჩაერთვება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ექსპერტიზის ბიუროში უდასტურებენ.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მიმართა გამოძიებას სპეციალისტის მოძიების მოთხოვნით. პროცედურის თანახმად, გამოძიებამ, ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს, რათა უწყებამ ექსპერტიზის ბიუროს კანდიდატი ექიმების სია გადასცეს. სპეციალისტებს თანხმობის საფუძველზე ბიურო შეარჩევს.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, რომელიც ასევე იქნება ჩართული ექსპერტიზაში, სწორედ ამ სპეციალისტებმა უნდა გასცენ პასუხი გამოძიების დამატებით შეკითხვებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ფუძის მოტეხილობა.

როგორც გეჯაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ექსპერტიზაში ნეიროქირურგისა და რეანიმატოლოგის ჩართვის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაცია „ემპათიამ“ და უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გამოთქვეს მოსაზრება, რომ გვამის ფოტოების დათვალიერების შემდეგ გაუჩნდათ ვარაუდი, რომ 19 წლის ახალგაზრდას მძიმე დაზიანება, ფუძის მოტეხილობა ჰქონდა.

როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მოძიება, რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რაკიღა, ამ ეტაპზე, ისიც კი არ არის ცნობილი, თუ როდის ჩაერთვებიან მოწვეული სპეციალისტები ექსპერტიზის პროცესში.

გასულ კვირაში, ალექსანდრე გეჯაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასკვნის გამოქვეყნების მიახლოებითი თარიღი, 22-23 ივლისს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ალექსანდრე გეჯაძე დღეს, 24 ივლისს, ეუბნება რადიო თავისუფლებას, რაკი ექიმი-სპეციალისტები ჯერჯერობით პროცესში არ არიან ჩართულნი, ამ თარიღის განსაზღვრა რთულია:

„ეს პროცესი ჩემზე არ არის დამოკიდებული და არ ვიცი. რაც შეეხება ექსპერტიზაში ჩართულ ჩვენს „ვექტორის“ ნევროლოგს, ის მზად არის, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს მუშაობა და ჩაერთოს სჯა-ბაასში. როდესაც გამოძიება გამოყოფს სპეციალისტებს, გაგვაგებინებენ და ამის შემდეგ უკვე ჩვენი სპეციალისტი და ასევე გამოძიების მიერ მოძიებული სპეციალისტები გაივლიან იმ კითხვებზე პასუხებს, რომელიც ეხება გონების დაკარგვას და ა.შ. და ალბათ, იმსჯელებენ იმაზეც, საჭიროა თუ არა ამგვარ სიტუაციებაში, გვამისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება“.

შეგახსენებთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველი დასკვნის დაწერას 18 დღე დასჭირდა.

ექსპერტიზამ გამოძიებას სხვა კითხვებზეც უნდა გასცეს პასუხი. მათ შორის კითხვებს იმის შესახებ, სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე მიიღო დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა და რა დროის განმავლობაში იმყოფებოდა მისი სხეული წყალში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ნევროლოგი, რათა დადგინდეს, იმ ტიპის ტრავმებს, რაც გიორგი შაქარაშვილს სახისა და თავის არეში ჰქონდა, მოჰყვებოდა თუ არა გონების დაკარგვა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, სავარაუდოდ, დადგინდება, წყალში მოხვედრისას, გიორგი შაქარაშვილი იყო თუ არა გონზე.

რაც შეეხება ექსპერტიზისათვის დასმულ დანარჩენ კითხვებს, საქმის ახალი მასალების თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა და „ვექტორის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გეჯაძემ, 22 ივლისს, გამომძიებელთან ერთად დაათვალიერეს ინციდენტის ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, აღწერეს ადგილზე არსებული რელიეფი, მდინარის კალაპოტი, რათა ადგილმდებარეობისა და გვამზე არსებული დაზიანებების შედარების საფუძველზე გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის გვერდულზე წაქცევა-დაცემით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
  • დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (ხელკეტისმაგვარი საგნის, ხელის, ფეხის, ქვის) დარტყმით? დამაზიანებელი საგნების რამდენჯერადი ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები?
  • ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • სახის და თავის არეში და ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის შეზღუდვას?
  • თავზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  • რას ნიშნავს - დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? - ანუ, რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?
  • წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში?
  • გვამზე არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით (ივნისი), რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში?
  • რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე და გულმკერდის არეში?

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველი დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 10 ივლისს გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ახლო პერიოდში კი მას 12-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

სწორედ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაემატა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს მეოთხე, 109-ე მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე გამოძიება მიმდინარეობდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიაწოდა ინფორმაცია. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG