Accessibility links

საქართველომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობისთვის სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო


ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პერსონალს დამცავ საშუალებებს გადასცემს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. აღნიშნული განცხადების მიხედვით, 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით.

დახმარება მოიცავს 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1117-ს შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 917, გარდაცვლილია 16 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG