Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყაროა ლილოს ბაზრობა, 2 სამედიცინო პერსონალია


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12-ის წყარო ცნობილია, ერთის შემთხვევაში კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს მოძიების მიზნით.

ეს ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, 13 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფექციის წყაროა ლილოს ბაზრობა, ერთის გაჩიანი. 5 პაციენტი არის ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა, რომელთაგან 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 13 ინფიცირებულს შორისაა 2 სამედიცინო პერსონალი.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 222 პაციენტი მკურნალობს. მათგან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 39 ინფიცირებული, რომელთაგან 2-ის მდგომარეობაა მძიმე, დანარჩენები კი, მარინა ეზუგბაიას თანახმად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1117-ს შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 917, გარდაცვლილია 16 ინფიცირებული.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც, გაჩიანის დასახლების სხვა სოფლებთან ერთად, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG