Accessibility links

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაფართოებული ტესტირების საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაერთო


გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში COVID-19-ის წინააღმდეგ გაფართოებული ტესტირებისას საინფორმაციო კამპანიაში ადგილობრივი ახალგაზრდობა, პედაგოგები და წითელი ჯვარი ჩაერთნენ, რადგან მოსახლეობის ნაწილი კვლავ უარს ამბობს სამედიცინო ბრიგადებთან კომუნიკაციაზე.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 25 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტესტირება 705 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის, კარანტინში მოქცეულ ყარაჯალარში - 377-ს. თითქმის გაორმაგდა შედეგი,
მაგრამ საკმარისი არ არის.

„საინფორმაციო კამპანიაში ის ადამიანები ჩაერთნენ, ვისაც მოსახლეობასთან ენის ბარიერი არ აქვს. კარდაკარ დავდივართ, რომ ტესტირების აუცილებლობაში დავარწმუნოთ ადამიანები“, თქვა რწმუნებულმა. „ყარაჯალარში ცხოვრობს 5 ათასი მოსახლე. გარკვეული რაოდენობა ქვეყნის გარეთ არის გასული. ამიტომ სოფელში 2 000-2 500 ადამიანის ტესტირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს“...

სოფელი ყარაჯალარი 4 ივლისს მთლიანად ჩაკეტეს. პოლიცია აკონტროლებს სოფლის შესასვლელებს და გამოსასვლელებს. რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილის თქმით, დასახლებული პუნქტების ჩაკეტვა არავის ინტერესებში არ შედის.

მისივე ცნობით, 23 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში აღებული 126 საკვლევი მასალიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი ერთ შემთხვევაში მოვიდა, გუშინ აღებული ტესტების პასუხი კი 25 ივლისს დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. დღეისთვის რუსთავსა და თბილისს შორის მდებარე ხუთ სოფელში, რომლებიც გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ოთხი სამედიცინო ბრიგადა მუშაობს.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ოფიციალურ საიტ STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1117-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG