Accessibility links

გავხსნათ საზღვრები ტურისტების მისაღებად?


ავტორი: ლალი ოქროშიძე

ჩვენ მივეჩვიეთ სხვების მოსაზრებების გამეორებას. საკუთარი აზრის გაჟღერება ხანდახან გვიჭირს, რადგან სხვების მხრიდან პროტესტის მოსმენა უბრალოდ გვეზარება.

როდესაც ყოველდღიურად მედიაში უკვე კარგად ნაცნობი სახეების პოზიციას ვისმენთ, ნებით თუ უნებლიედ, ისინი ჩვენზე ზემოქმედებენ. ჩუმად, ნელა, როგორც წყალი ქვას თლის, აზრს გვიცვლიან. ჩვენ ამას ვერც ვგრძნობთ, ეს უბრალოდ ასე ხდება. მაგრამ ღირს თუ არა ცოტა ხნით შეჩერება და დაფიქრება?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც პანდემიისას ვისწავლე, ეს არის სიახლეების წაკითხვა და დეტალებზე დაკვირვება. „ეს ასეა?“, “ვფიქრობ, სიტუაციას ამუქებენ“, „იქნებ რამეს გვიმალავენ?“...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ახალი დაავადებულების რიცხვის ცოდნა, რამდენია კარანტინში?

ძირითადად, ვირუსი ჩამოტანილია, დაავადებულები საზღვარგარეთიდან გვემატებიან, და შემდეგ... აბიტურიენტს კორონავირუსი უდასტურდება. ვისგან გადაედო და ვის გადასდო?

„იქნებ რამეს გვიმალავენ?“...

ვინც სამშობლოში ბრუნდება და კარანტინში ხვდება ან ვირუსი უდასტურდება, ხომ კარგი... ბიზნეს-მოგზაურებისთვის რომ ორკვირიანი კარანტინი, ქვეყანაში შემოსვლისას, სავალდებულოა, ესეც კარგი...

მაგრამ, ტურისტებს თუ გავუხსნით საზღვრებს, მათ რა ელით? ჩვენ რა გველის?

მათთვის სავალდებულოს რომ ვერ გახდი კარანტინს, ეს ცხადია, რადგან საკუთარი სახსრებით კარანტინში არავინ განთავსდება. აბა, სიცხე გავუზომოთ, ამით დავკმაყოფილდეთ და შემოვუშვათ?

საზღვრების გახსნა რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა, გასაგებია. ტურიზმის სფეროში, რომელიც ქვეყნის შემოსავლის უმსხვილესი გენერატორია, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მათ სურთ ტურისტების ნაკადის მიღება, აღუდგეთ სამსახურები და ხელფასები.

მცირე გადახვევა ერთი კითხვის სახით: ახლაც ვერ მივხვდებით, რომ არ შეიძლება ტურიზმის შემოსავლის ძირითად წყაროდ (და არა დამხმარედ) დანახვა?

“The New York Times”-ის 10 ივნისის სტატიაში წავიკითხე იმის თაობაზე, თუ პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში რა მდგომარეობაში არიან იტალიელი გიდები. რომში შავ ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე ათეული გიდი გამოვიდა. მათ ჰქონდათ თეთრი ფერის ქოლგები, რომის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასთან (პანთეონთან) აქცია ფლეშმობი მოაწყვეს. აღსანიშნავია ის სევდიანი ფაქტი, რომ პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც, როგორც წესი, ტურისტებითაა სავსე, აქციისას სულ რამდენიმე ტურისტი შეინიშნებოდა. მსგავსი ტიპის აქცია იტალიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

საინტერესოა ის, რომ იტალიელებმა, რომლებიც ტურისტების გარეშე დარჩნენ, საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა დაიწყეს. თუ ადრე, იტალიელი რომელიმე ღირშესანიშნაობის სანახავად რიგში დადგომას დაიზარებდა, ახლა შეუძლია მას ესტუმროს.

რასაკვირველია, იტალია, რომელიც ყოველწლიურად ტურისტების მიღების რაოდენობით მსოფლიო ათეულში შედის, საერთაშორისო ტურიზმს ადგილობრივი ტურიზმით ძალიან მცირე დოზით თუ ჩაანაცვლებს.

ერთ-ერთმა გიდმა ისიც თქვა, რომ იტალია, ტურიზმის გარეშე, მოკვდება. იტალიის მდგომარეობა ჩვენსას გავს. ჩვენს აქციასაც, რომელიც რიყის პარკში 30 ივნისს გაიმართა. ქართველი გიდების ლოზუნგი იყო: „ჩვენ ვარსებობს ტურიზმით“. გიდებმა თეთრი ქოლგების ნაცვლად, ფერადი ქოლგების გამოყენება და ამით ქალაქის გახალისება არჩიეს.

ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოს საზღვრები პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო და არ გაიხსნა. როგორ ჯობდა?

რომ გახსნილიყო, პირველ რიგში, მოსახლეობის ნაწილს, პანიკა მოგვიცავდა. მეორე კი - რამდენად ბევრი ტურისტი გვესტუმრებოდა? რისკი, რომელიც შეიქმნებოდა, ეღირებოდა მიღებულ შემოსავალს?

რადგან არ გაიხსნა, ჯანმრთელობის მხრივ შედარებით მშვიდად ვართ, მაგრამ ტურიზმში დასაქმებულებს რა ბედი ეწევათ?

ასეა თუ ისე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მაინც არ ვიცი რა და როგორ აჯობებდა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ვერიდები, ნიღაბს ვატარებ და ველოდები ხვალინდელი დღე რა სიახლეებს მოგვიტანს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG