Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინა აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში კვლავ გახსნეს ცეცხლი


უკრაინელი ჯარისკაცი სანგარში

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლის, ვლადიმირ კრავჩენკოს თანახმად, დონბასში მოქმედმა პრორუსმა სეპარატისტებმა ორჯერ დაარღვიეს ახალი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

გასულ კვირაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების მიზნით შექმნილი სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, კრავჩენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი დონბასის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების პოზიცია ორჯერ დაიბომბა. პირველად შუაღამის საათებში საზღვაო ფეხოსნების 36-ე ცალკეულ ბრიგადის, ხოლო დილის 9:00 საათზე 79-ი ბრიგადის პასუხისმგებლობის თავდაცვითი ზოლი.

საარტილერიო ცეცხლის შედეგად უკრაინელ სამხედროებში არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების (თავდაპირველი ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობის) ცნობით, უკრაინელ სამხედროებს თავის მხრივ არ გაუხსნიათ საპასუხო ცეცხლი.

აღმოსავლეთ უკრაინაში დღეიდან ძალაში შევიდა საზავო შეთანხმება უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის.

ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ შეთანხმება წუხელ, ადგილობრივი დროით 00:01-ზე შევიდა ძალაში. მანამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ და მხარი დაუჭირეს საზავო შეთანხმებას.

უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG