Accessibility links

ინფექციური საავადმყოფო სერგეენკოს აკრიტიკებს: ლამის COVID - 19-იც მიიწერა


თენგიზ ცერცვაძე, დავით სერგეენკო.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი „ფეისბუკის“ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ. კლინიკა ყოფილი მინისტრის მისამართით სვამს შეკითხვას: რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას?

„ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია იმედის გადაცემებში არენა და იმედის კვირა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ -ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე. -ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს -ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ხოლო გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო - დავითს, დააკონკრეტოს რა გაუკეთა და რა გაუფუჭა (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და რა გაუფუჭა (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლაჰეროსტრატეს სახელით.

-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 მარტს დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ამ თემაზე ჟურნალისტებს უთხრა: „ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“.

იმ დროის განმავლობაში, რაც სერგეენკო ჯანმრთელობის მინისტრი იყო, ორჯერ გამოიყო სხვადასხვა ადგილი ახალი ცენტრის ასაშენებლად, რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისთვის, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ ახალი ცენტრის აშენება, ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო. გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით „მიმდინარეობს მუშაობა“ და როცა ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება, გაგვაგებინებენ.

დავით სერგეენკო ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ ინფექციური დაავადების მართვა ქვეყნის პრიორიტეტი იყო და ქვეყანას ჰქონდა როგორც ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებელი თანხები, ასე ორი წლის წინ მომზადებული პროექტი და მშენებელი კომპანია. ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დროს საავადმყოფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველები სახელდებოდა.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" 20 ივლისს დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით სერგეენკო 2012 წელს ჯანდაცვის მინსიტრი გახდა და მას ეს თანამდებობა 2019 წლამდე ეკავა. 2019 წლიდან ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG