Accessibility links

ლეონიდ კუჩმამ დატოვა სამმხრივ ჯგუფში უკრაინის პრეზიდენტის წარგზავნილის თანამდებობა


ლეონიდ კუჩმა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა გადადგა პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობიდან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ აღმოსავლეთუკრაინელ სეპარატისტებსა და კიევს შორის კონფლიქტში სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიამ 28 ივლისს განაცხადა, რომ კუჩმამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ჯგუფში მუშაობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

კუჩმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი იყო 1994-2005 წლებში, 2014-2018 წლებში უკრაინას წარმოადგენდა სამმხრივ ჯგუფში, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ეუთო.

ზელენსკის პრეზიდენტად ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 3 ივნისს, კუჩმა დაბრუნდა ამ თანამდებობაზე. ჯგუფის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეწყობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე კონფლიქტში. ამ რეგიონების ნაწილებს კრემლის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ 2014 წლიდან.

26 ივლისის ღამით დონბასში ძალაში შევიდა მორიგი საზავო შეთანხმება. კონფლიქტის მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სრულად შეწყვიტონ ცეცხლი.

დონბასის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წლის მარტში. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ სეპარატისტების იარაღით დახმარებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ არაფერი აქვს საერთო კონფლიქტთან და რომ შესაძლოა რუსეთიდან ზოგიერთი „მოხალისე“ ჩავიდა დონბასში საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG