Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რა თქმა უნდა, გასააქტიურებელია საინფორმაციო კამპანია, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ C-ჰეპატიტის პროგრამა დამთავრდა უკვე"


ლაშა აბესაძე, "ახალი ვექტორის" რუსთავის რესურსცენტრის კოორდინატორი
ლაშა აბესაძე, "ახალი ვექტორის" რუსთავის რესურსცენტრის კოორდინატორი

ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ ჩართულია C-ჰეპატიტსა და აივ/შიდსზე უფასო ტესტირების კვირეულში, რომელსაც „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ახორციელებს.

ლაშა აბესაძე, „ახალი ვექტორის“ რუსთავის რესურსცენტრის კოორდინატორია. ის რამდენიმე წელიწადია მონაწილეობს ზოგადი მოსახლეობის ტესტირებაში. 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღეს ის რუსთავიდან, „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო რადიო თავისუფლების ეთერში. როგორც აღნიშნა, ადამიანების ნაწილი ტესტირებაზე მხოლოდ იმის გამო ამბობს უარს, რომ ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული დისკომფორტი აიცილოს თავიდან:

„ამ დონის გამაჯანსაღებელი პროგრამა ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა და თითოეულ მოქალაქეს ეხება - აუცილებელია ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს სკრინინგი.

ათასობით ადამიანია, ვინც იცის თავისი C-ჰეპატიტის სტატუსი და არ ერთვება მკურნალობაში. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შანსი და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მე ვარ ყოფილი პაციენტი. ეს მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ის ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი სტატუსი და არ მკურნალობენ, რისკის ქვეშ აყენებენ როგორც თავიანთ ჯანმრთელობას, ასევე ხელს უწყობენ ხელმეორედ გავრცელების საფრთხის შენარჩუნებას“.

ლაშა აბესაძე ეხმაურება მათ, ვისაც კითხვები აქვს C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებული მედიკამენტების ეფექტიანობისა და უვნებლობის მიმართ:

„პირველივე ეტაპზე ვიმკურნალე და ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ თავიდან შემოსულ მედიკამენტთან ერთად აუცილებელი იყო სხვა, დამატებითი მედიკამენტის მიღება და ამ შემთხვევაში დამატებით დისკომფორტს განიცდიდა პაციენტი.

ნელ-ნელა შემოვიდა, გაუმჯობესებული, სხვა თაობის მედიკამენტები და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს არსებულ მედიკამენტებს საერთოდ არ აქვთ გვერდითი მოვლენები, მორგებულია აბსოლუტურად ყველა პაციენტზე, აღარ არის საჭირო დიფერენცირება სხვადასხვა გენოტიპის მიხედვით. ეს არის მითი და ყველა ადამიანმა თვითონ უნდა დაამსხვრიოს.

ჩემი უახლოესი მეგობრები ამბობდნენ, ჩვენ საცდელი ბაჭიები ხომ არ ვართო, ისინი ფიბროსკანის კვლევას იტარებდნენ და ღვიძლის დაზიანება ჰქონდათ ძალიან მძიმე. ეს იყო ხოლმე საფუძველი გადაებიჯებინათ იმ მითისთვის, ემკურნალათ და დღეს კმაყოფილები არიან.

ყველაფერზე შეიძლება ადამიანებმა ილაპარაკონ, როგორც მათ მოესურვებათ, მაგრამ, როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, არ შეიძლება ერთი ადამიანის ნალაპარაკებს სხვა ადამიანის დაბრკოლება მოჰყვეს.

იყო რიგი შემთხვევები, როცა ადამიანებმა იმკურნალეს და ლეტალური შედეგი დადგა. ამას უკავშირებდნენ მკურნალობას. პირადად მე არ ვარ ექიმი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარ და ვიყავი კომისიის წევრი, როცა თავდაპირველად დიფერენცირებული იყო, მხოლოდ ღვიძლის მაღალი ხარისხის დაზიანების მქონე ადამიანებს მკურნალობდნენ და მოსმენილი მაქვს პროფესიონალი ექიმების მსჯელობა, როცა ადამიანებს მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა თუ უშველიდა, ასეთებისთვისაც კი ნიშნავდნენ მკურნალობას, რომ შანსი მიეცათ. რამდენიმე ადამიანის ღვიძლის დაზიანების ხარისხი იმდენად მძიმე იყო, რომ ვერ გადაიტანეს მკურნალობა. ამ შემთხვევების პირდაპირ დაკავშირება მედიკამენტთან არა მხოლოდ მითია, არამედ ბევრად უარესი“.

როგორ იცვლება ტესტირების მიმართ მოსახლეობის ინტერესი?

„მოდიან ადამიანები ტესტირებაზე, მაგრამ ისე არა, როგორც 2015 წელს იყო. იმ დროს ძალიან ინტენსიურად ვტესტავდით და ადამიანების დამყოლობაც ძალიან დიდი იყო.

ათასობით ადამიანი გვყავს გატესტილი და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ დაავადებამ არ იცის არანაირი სოციალური ფენა და დიფერენცირება. მაგალითად, რეგიონებში 80-ს გადაცილებულ ქალებს ჰქონიათ, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ ვირუსი ექნებოდათ. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა და ყველამ უნდა ჩაიტაროს ტესტირება, რომ დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ ჯანმრთელობაშიც და იმაშიც, რომ სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს არ შექმნიან და რომ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ამ დაავადების ელიმინაცია“.

ლაშა აბესაძე თვლის, რომ მოსახლეობა დღეს არასაკმარისად არის ინფორმირებული C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე და საჭიროა აქტიური საინფორმაციო კამპანიის განახლება:

„რა თქმა უნდა, მეტად გასააქტიურებელია საინფორმაციო კამპანია, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს სერვისი დამთავრდა უკვე.

იმათზეც გვაქვს საუბარი, ვინც არ ჩაიტარა ტესტირება და ახლა შეიძლება უფრო რთული იყოს მათი დარწმუნება.

რაც უფრო მალე მოხდება ჩვენთან ელიმინაცია, უფრო ნაკლებად იქნება ახალი შემთხვევები“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG