Accessibility links

ვიეტნამში კორონავირუსის ახალ ტალღას მოელიან


ვიეტნამი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეინიშნებოდა კორონავირუსის ინფექცია, COVID-19-ით დაავადების ახალი ტალღისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც, სახელმწიფო მედიის ცნობით, დაავადების ახალი შემთხვევები აღირიცხა დედაქალაქ ჰანოიში, ჰოშიმინსა და ცენტრალური ზეგანის რეგიონში. როიტერსის თანახმად, ინფექციის გავრცელების ეს ახალი შემთხვევები უკავშირდება ეპიდემიის აფეთქებას სიდიდით მეხუთე ქალაქ დანანგში.

პრემიერ-მინისტრმა ნგუენ სუან ფუკმა განაცხადა, რომ ინფექციის ამჟამინდელი ტალღა განსხვავდება მეორე ტალღისგან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც მოუწია ვიეტნამს მარტში. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საფრთხის წინაშეა ვიეტნამის ყოველი პროვინცია და ქალაქი.

ცენტრალიზებული საკარანტინო პროგრამისა და კონტაქტების დადგენის აგრესიული სისტემის წყალობით ვიეტნამმა მოახერხა ინფიცირების შემთხვევათა 450-მდე შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ ის ჩინეთს ესაზღვრება.

95-მილიონიანი ვიეტნამი ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ არ ყოფილა COVID-19-ით სიკვდილის შემთხვევა. თვეების განმავლობაში არ აღრიცხულა არც ინფექციის შიდა გავრცელება.

ამ ვითარებას საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ინფექციამ იჩინა თავი ცენტრალური ვიეტნამის ქალაქ დანანგში, სადაც ათიათასობით ვიეტნამელი ატარებს არდადეგებს.

სამშაბათს მთავრობამ 15 დღით შეაჩერა დანანგთან ყოველგვარი საჰაერო მიმოსვლა. როგორც როიტერსი იტყობინება, ქალაქსა და მის გარშემო ინფიცირების მინიმუმ 30 შემთხვევა გამოვლინდა.

ვიეტნამის ხელისუფლების თანახმად, ამჟამად გამოვლენილი ვირუსის შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე მეორე ტალღის ვირუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG