Accessibility links

გიორგი გახარია: წარმოდგენა არ მაქვს, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი რურუას


გიორგი გახარია, გიორგი რურუა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ არ იცის, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულ გიორგი რურუას.

„შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია, წარმოდგენა არა მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს მას თუ არა“, - უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, პრეზიდენტმა გიორგი რურუაც შეიწყალოს.

„თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაცა პოლიტპატიმარს [უწოდებს] ან ტელევიზიის მფლობელია, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და თქვეს, რომ დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG