Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურიდან გაანთავისუფლეს აჭარის ტელევიზიის სამი თანამშრომელი


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა სამი თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი, გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გურამ ქადიძე, გრაფიკოს-მემონტაჟე.

ტელევიზიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ დირექტორის ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საღამოს ჩაბარდათ. ბაჩო გურაბანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოხრეიძე ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებს დევნის. განსაკუთრებით კი 26 ივნისს პროფესიული კავშირების ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, სადაც ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. ბაჩო გურაბანიძის თქმით, პროტესტის შემდეგ დირექტორი უფრო აგრესიული გახდა.

„ბრძანებაში მიზეზად ტელევიზიაში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ინციდენტია დასახელებული, რა დროსაც უთანხმოება მოხდა მეგობარ-თანამშრომლებს შორის. ასეთი კი მრავლად ყოფილა მაუწყებელში. თუმცა დირექტორს შეეძლო საყვედური ან სხვა სანქცია გამოეყენებინა. ნაცვლად ამისა, რადიკალურ ზომას მიმართა და პირდაპირ გაგვათავისუფლა სამსახურიდან. კოხრეიძე დიდი ხანი ეძებს იმ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზს ვინც არაა მისი მოყვანილი თანამშრომელი. ალტერნატიული პროფკავშირების წევრები მისი სამიზნე ვართ. გვებრძვის და საერთოდ ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. იგი ჩვეულებრივი დიქტატორია. თუ მას თაყვანს არ სცემ და არ ეუბნები, რომ ამ მაუწყებლის ბატონი დირექტორია, პირდაპირ მტრებად აცხადებს“ - ამბობს ბაჩო გურაბანიძე. მისი თქმით, კონსულტაციას გადიან იურისტებთან და შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

მაუწყებელში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 სარჩელია შესული. ორი საჩივარით კი პროკურატურას მიმართეს, რომელშიც გოგა კოხრეიძეს თანამშრომლები დევნაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG