Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების დაბრუნებას მოითხოვენ.

ჟურნალისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მაუწყებლის დირექტორისადმი მიმართვაში ნათქვამია: "ვაცნობიერებთ რა გათავისუფლეული თანამშრომლების დანაკლისით გამოწველ ზიანს, დაუყონებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება მათი სამსახურში აღდგენის თაობაზე".

ხელმოწერების შეგროვების გარდა, დღეს, 19 საათიდან დაიწყება მაუწყებლის თანამშრომელთა პერმანენტული საპროტესტო აქცია.

30 ივლისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა კიდევ სამი თანამშრომელი - გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი ბაჩო გურაბანიძე, ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე. სამივე ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების აქტიური წევრია. ბაჩო გურაბანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დირექტორი პროფკავშირის წევრ ჟურნალისტებს დევნის და კიდევ უფრო აგრესიული გახდა 26 ივნისის შემდეგ, როცა მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოითხოვეს სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

კოხრეიძის ოფიციალური ბრძანების თანახმად, გურაბანიძის, მურვანიძისა და ქადიძის გათავისულების მიზეზი ტელევიზიაში მათ შორის მომხდარი კონფლიქტია. 30 ივლისს, აჭარის ტელევიზიამ მაყურებელს ინციდენტის ამსახველი კადრებიც აჩვენა. მაუწყებლის თანამშრომლები ამ ფაქტსაც აპროტესტებენ.

ბოლო თვეებში გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ან ხელშეკრულების პირობები შეუცვალა ათზე მეტ ჟურნალისტსა და მენეჯერს. ისინი კოხრეიძეს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ჟურნალისტებმა დირექტორს სასამართლოში უჩივლეს და პროკურატურასაც მიმართეს გიორგი კოხრეიძის მხრიდან დევნის გამოძიების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG