Accessibility links

კორონავირუსის მოტივით ჰონგ-კონგში ერთი წლით გადადეს არჩევნები


ჰონგ-კონგის ხელისუფლების მეთაური კერი ლამი (მარცხნივ) და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 2019 წ. დეკემბრის ფოტო.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ პარასკევს გამოაცხადა სექტემბრისთვის დანიშნული საკანონმდებლო კრების არჩევნების გადატანის შესახებ. პეკინის მიერ დანიშნულმა ჰონგ-კონგის ხელმძღვანელმა კერი ლამმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. კენჭისყრა 2021 წლის სექტემბრისთვის გადაიდო.

პროდემოკრატიული ძალები, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიან, არჩევნებში წარმატების მიღწევას იმედოვნებდნენ. საკანონმდებლო კრების მხოლოდ ნახევარს ირჩევენ პირდაპირ, მეორე ნახევარს პეკინის ლოიალური პირები ქმნიან. შარშან გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

გასული წლის შემდეგ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები ტარდება ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვისკენ მიმართული ნაბიჯების საპასუხოდ. ახლახან ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ჰონგ-კონგის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი, მათ შორის აშშ, ჰონგ-კონგის ავტონომიის შესახებ შეთანხმების დარღვევად მიიჩნევენ.

უკანასკნელ დღეებში ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG