Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინში მოქცეულმა ყარაჯალარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა


კარანტინში მოქცეული სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ კარანტინის მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა 31 ივლისს, სოფლის შესასვლელში, სადაც პოლიციის ბლოკპოსტი დგას.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ კორონავირუსის არ სჯერა, ნაწილის განცხადებით, სოციალურად გაჭირდა, რადგან მოსავალს ვერ ყიდის ან სამუშაოს მოწყდა, სხვები კი ამბობენ, რომ სოფელში ჰუმანიტარული დახმარება არ შეაქვთ. ადგილზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუბერნატორს უთხრა, რომ სოფლიდან გასვლისა და შესვლის უფლება მისცენ თუნდაც მათ, ვინც უკვე გაიარა ტესტირება და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუბერნატორმა უპასუხა, რომ სოფლის გახსნა კორონავირუსის გავრცელების რისკს გაზრდის, რადგან ყარაჯალარში Covid-19-ით დაავადების 37 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა დასძინა, რომ სოფლის ჩაკეტვიდან მინიმუმ ორი კვირა, ინფექციის საინკუბაციო პერიოდი, უნდა გავიდეს.

"არავის უხარია ეს ვითარება და გაჭირვება, არავინ იგონებს [კორონავირუსს]. რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ინტერესი, რომ იშიმშილოს სოფელმა?.. სოფელში დამატებით შემოვლენ სამედიცინო ბრიგადები, რომ მაქსიმუმ 2 დღეში მოხდეს სოფლის მთელი მოსახლეობის გატესტვა", - მიმართა რეხვიაშვილმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა თქვა, რომ 31 ივლისს დილით ყარაჯალარში Covid-19-ით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა და დამატებით ელოდებიან გაგზავნილი საკვლევი მასალების ლაბორატორიულ ანალიზს.

"მაგალითად, გუშინწინ ამ სოფლიდან კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ რაც უფრო დაიცავენ პრევენციულ ღონისძიებებს და ითანამშრომლებენ მედიკოსებთან, მით მალე გაიხსნება სოფელი", - თქვა ბუდაღაშვილმა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკარანტინო შეზღუდვების 24-საათიანი კონტროლისთვის სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოეწყო სპეციალური პუნქტები. ყარაჯალარში დაახლოებით 5 ათასი მცხოვრებია. ამ დროისთვის ტესტირება დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა გაიარა. გაფართოებული ტესტირება ტარდება მეზობელ სოფლებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG