Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა 5 აგვისტოს განახლდება


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს გაგრძელდება. მინიმუმ ამ დრომდე ყველა მათგანი პატიმრობაში დარჩება.

მათი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმე გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად გამოყო. ამ კანონით არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სხდომაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას მოთხოვდნენ. საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ არასრულწლოვნების ნაწილს ახალი ბრალი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლიც წაუყენონ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული დანარჩენი 11 პირის საქმე ცალკეა გამოყოფილი. მათ გამოძიება, ამ ეტაპზე, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობას. 11 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა დანიშნული.

გარდა ამისა, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით, არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG