Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს რუსეთის მასშტაბით დააკავეს საპროტესტო აქციის 70 მონაწილე


პოლიციამ შაბათს დააკავა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ხაბაროვსკის მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების დაახლოებით 70 მონაწილე.

ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების გარდა, მცირერიცხოვანი აქციები გაიმართა ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.

საპროტესტო აქციები არ ყოფილა შეთანხმებული ხელისუფლებასთან.

მათი ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ქუჩაში გადიან, რათა „მტრედებს საკენკი დაუყარონ“.

ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ხაბაროვსკში, სადაც წვიმიანი ამინდის მიუხედავად ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა დაახლოებით 3500-მა კაცმა, პოლიციას არავინ დაუკავებია.

დაკავებულთა სია გამოაქვეყნა საიტმა "ОВД-Инфо", რომლის თანახმად, ყველაზე მეტი, 23 კაცი დააკავეს სანკტ-პეტერბურგში.

იქ დემონსტრანტები „მტრედებისათვის საკენკის დაყრის“ შემდეგ ქალაქის ცენტრისაკენ გაემართნენ.

მოსკოვში ნოვოპუშკინის სკვერში პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.

„პიტერო, გამოდი!“ და „ხაბაროვსკო, ჩვენ შენთან ვართ“, - სკანდირებდნენ სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციის მონაწილეები.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ასევე ვლადივოსტოკში გამართულ, ფურგალის მხარდამჭერ აქციაზე.

საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და ბოლოს სხვა ქალაქებსაც მოედო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში ჩაიყვანეს.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

მოსახლეობის ნაწილი მიხაილ დეგტიარიოვს უნდობლობას უცხადებს და ეჭვქვეშ აყენებს სერგეი ფურგალის მიმართ წაყენებული ბრალდების სამართლიანობას.

ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG